„ევროკავშირის ყველა ქვეყნისა და თვითონ ევროკავშირის პოზიციაა, რომ პარტიები, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა, უნდა შევიდნენ პარლამენტში“, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ განაცხადა.
„ევროკავშირის ყველა ქვეყნისა და თვითონ ევროკავშირის პოზიცია არის, რომ პარტიები, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა, უნდა შევიდნენ პარლამენტში და აქ საუბარი არ არის ახალ არჩევნებზე.
ასევე, ახსენეთ პოლიტპატიმრების გათავისუფლება; ჯერ არ მომისმენია ევროკავშირის ოფიციალური განცხადება, სადაც ვინმე ითხოვს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ვხედავ, რომ საქართველოში არის უნდობლობა სასამართლოს მიმართ.
ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ სასამართლო არ იღებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას და აქ შეიძლება, იყოს პოლიტიკური ზეგავლენა. მხოლოდ მაშინ, როდესაც განხორციელდება ისეთი რეფორმები, რომ სასამართლოს შეეძლება, მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და ამან მოიპოვოს ნდობა მოსახლეობაში, ეს იქნება გადამწყვეტი ნაბიჯი და დემოკრატიისთვის მართლაც სასიცოცხლოდ აუცილებელი რამ. როგორ გაკეთდება ეს, ძალიან რთული საკითხია, დეტალები განსახილველია, მაგრამ არ შეიძლება, პარტიები დასხდნენ და იმსჯელონ – „ეს უნდა გამოვუშვათ და ეს უნდა ჩავსვათ“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.