მხატვარი ნიკუშა შენგელაია , რომელიც ივანიშვილების ოჯახთან დაახლოვებული პირია, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებებსა და ქართული “ოცნების” მიერ გაკეთებულ საქმეებზე საუბრობს:
“ბიძინა ივანიშვილის მიზანი პოლიტიკოსობა არც ყოფილა, გარკვეულმა გარემოებებმა აიძულა პოლიტიკაში ჩარევა. მოვიდა მაშინ, როცა გაუსაძლისი მდგომარეობა შეიქმნა და ხალხშიც გაჩნდა განწყობა, წასულიყო სააკაშვილი და მისი პარტია. მერე კი პოლიტიკიდან წავიდა, რადგან ჩათვალა, რომ ეს გუნდი მის გარეშეც გაართმევდა თავს პრობლემებს. პოლიტიკიდან კი წავიდა, მაგრამ რასაც ის და მისი ოჯახი ქველმოქმედებით უკეთებენ ქვეყანას, ძალიან მნიშვნელოვანია. არ დარჩა სფერო, რომელსაც სასიკეთოდ არ დაატყო ხელი – სპორტი, ხელოვნება, კულტურული მემკვიდრეობა, ეკოლოგია,… კიდევ არაერთი პროექტი აქვს დასასრულებელი – თუნდაც იპოდრომზე პარკის მოწყობა და ხალხისთვის გადაცემა, საერთაშორისო უნივერსიტეტის დამთავრება. ამ ყველაფერს ხომ ხალხისთვის აკეთებს? აი, ამ საქმეში უნდათ ხელის შეშლა, რადგან არ ფიქრობენ ქვეყანაზე, არ აწუხებთ თავიანთი შვილების მომავალი.
ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრი რამ კეთდება, მაგრამ ამაზე არ ლაპარაკობენ, თავს არ იწონებენ. ორჯერ მეტი გზა დაიგო, ვიდრე წინა წლებში იგებოდა, წყალგაყვანილობის სისტემები მოწესრიგდა, სასტუმროები აშენდა, ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარდა, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის არაერთი პროგრამა ამოქმედდა”.- ამბობს “კვირის პალიტრასთან ” შენგელაია.