კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული, ნიკოლოზ ბირკაძე მსოფლიოს წამყვანმა უნივერსიტეტმა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა (MIT) სწავლის სრული დაფინანსებით მიიღო. ინფორმაციას სკოლა-პანსიონი კომაროვი ავრცელებს.
“მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (Massachusetts Institute of Technology, აკრ. MIT) – მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, რომელიც აშშ-ში, მასაჩუსეტსში, ქალაქ კემბრიჯში მდებარეობს. მასაჩუსეტსის ინსტიტუტი თითქმის ყველა რეიტინგის პირველ ათეულშია. 2021 წელს, ისევე როგორც მრავალი წლის განმავლობაში MIT საუკეთესო უნივერსიტეტად დასახელდა და პირველი ადგილი დაიკავა QS World University Rankings-ში. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კურსდამთავრებულების მიერ დაარსებული კომპანიების საერთო შემოსავალი რომ შეიკრიბოს, ის სიმდიდრით მსოფლიოში მეთერთმეტე ადგილზე იქნებოდა.
MIT – ის სწავლის გადასახადი ჯამში 300 000 დოლარამდე აღწევს. აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან MIT – ში ყოველწლიურად კომაროვის სკოლის ერთი კურსდამთავრებული მაინც აგრძელებს სწავლას, 2021 წელს კი უპრეცედენტო რაოდენობა, 2 მოსწავლე გააგრძელებს სწავლას. ნიკა MIT – ში ჩარიცხული სკოლის მერვე კურსდამთავრებულია.
ნიკა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ყველა დროის შედეგებით საუკეთესო ათეულის წევრია!
ნიკას წარმატებები საერთაშორისო ოლიმპიადებსა და ტურნირებზე:
ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა: ოქროს 3 და ვერცხლის 1 მედალი. მასზე მეტი ოქროს მედალი მხოლოდ 5 მოსწავლეს აქვს აღებული.
მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა: ოქროს 1, ვერცხლის 2 და ბრინჯაოს 1 მედალი. აღსანიშნავია, რომ ნიკაზე უკეთესი შედეგი მათემატიკის 61-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე, 2020 წელს მხოლოდ სამმა მოსწავლემ აჩვენა. სამივე მათგანი ჩინეთის ეროვნული ნაკრების წევრია.
ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადა: ოქროს 1 მედალი ინფორმატიკაში, ოქროს 1 მედალი მათემატიკაში.
სრულიად ევროპის ახალგაზრდული (junior) ოლიმპიადა ინფორმატიკაში: ოქროს 1 მედალი და აბსოლუტური პირველი ადგილი.
ცენტრალური ევროპის ოლიმპიადა ინფორმატიკაში: ოქროს 1 მედალი.
რუმინეთის მასტერსი მათემატიკაში: ვერცხლის 1 მედალი, ბრინჯაოს 1 მედალი.
პედაგოგთა და ოლიმპიელ რეზერვთა მწვრთნელების მე-3 საერთაშორისო კონკურსში მოიპოვა ვერცხლის მედალი.
ნიკა ამჟამად კომაროვის სკოლის მათემატიკის წრის მასწავლებელია და თავის უზარმაზარ გამოცდილებას ახალ თაობას უზიარებს.
კომაროვის სკოლა ულოცავს ნიკას ამ წარმატებას და მომავალშიც მრავალს უსურვებს!”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.