დახვრეტილი აჯანყებულის ნიკოლოზ კახთ აბაშიძის ძმა- ანტონ აბაშიძე უკრაინის ეკლესიამ 2011 წელს წმინდანად შერაცხა.
ნიკოლოზ აბაშიძის ცოლმა-თამარ ვახვახიშვილმა უსინათლოთა ქართული ანბანი შექმნა….
1924 წელს დახვრეტილ აჯანყებულთა არასრული სიები გამოვაქვეყნეთ და დასაწყისშივე აღვნიშნეთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში არსებულ ფონდებში დახვრეტილ აბაშიძეთა რაოდენობა 22-ს შეადგენს.
ჟან შარდენის ქართულ-ფრანგულ აკადემიას გამოეხმაურა ნიკოლოზ ილიას ძე აბაშიძის (1869-1924) შვილიშვილი, ქალბატონი ქეთევან ლომიძე, რომელმაც საინტერესო ამბები და ფოტოები მოგვაწოდა კახთ აბაშიძეების, ვახვახიშვილების და აფხაზების საგვარეულო ალბომებიდან.
ნიკოლოზ კახთ აბაშიძე- კახეთის თავადი და ქველმოქმედი (ქეთევან ლომიძის დედის მამა) ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო, რომელიც მატერიალურად ეხმარებოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის „შეფიცულთა“ რაზმს. მას ჰყავდა ძმები: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, ასევე ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამოაზრე და შემწე- ზაქარია (შაქრო) აბაშიძე (1868-1923) და უფროსი ძმა, დიმიტრი აბაშიძე (1867-1943), რომელიც იყო მაღალი იერარქიის საეკლესიო პირი, მოღვაწეობდა როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში.
2011 წელს უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ანტონ აბაშიძე (დიმიტრი კახთ აბაშიძე) წმინდანად შერაცხა. დაკრძალულია კიევო-პეჩორის ლავრაში.
ქეთევან ლომიძის ბებიაზე- თამარ ვახვახიშვილი-აბაშიძეზეც (1875-1936) უნდა ვთქვათ ორიოდე სიტყვა, რომელიც ღარიბი ოჯახების დიდი შემწე და მფარველი იყო. მან თელავში ჭრა-კერვის კურსები დააარსა, სადაც ღარიბ ბავშვებს ხელობას ასწავლიდა. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრი, თანამშრომლობდა ჟურნალ „საქართველოს ქალთან“.
თამარ ვახვახიშვილმა შეადგინა უსინათლოთათვის ქართული ანბანი (1930 წელს), ასევე ის ხელმძღვანელობდა ახლადაარსებულ უსინათლოთა სკოლას.
თამარ ვახვახიშვილის დედა იყო ულამაზესი ნინო აფხაზი-ვახვახიშვილი (დავით აფხაზისა და დარუხან დადეშქელიანის შვილი), რომელთა სახლი და მამულები დახატა ელენე ახვლედიანმა თავის ცნობილ ტილოში „ობოლაანთკარი“.
1924 წელს დახვრეტილი ნიკოლოზ ილიას ძე კახთ აბაშიძის შვილიშვილმა ქალბატონმა ქეთევან ლომიძემ მრავალი საინტერესო, დღემდე უცნობი ისტორია გაგვანდო, რომლის სრულ ვარიანტს ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემია წიგნში შეიტანს და წარუდგენს ქართველ და ფრანგ მკითხველს.