„რეფორმის გარეშე წინსვლა არ არსებობს, ეს კულტურის ხალხმა კარგად უნდა გაიგოს. რეფორმები გასაკეთებელია მომავალი თაობებისთვის“,- ამის შესაებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ განაცხადა.
როგორც ელისო ბოლქვაძე ამბობს, თეა წულუკიანი წარმატებული მინისტრი იქნება.
„კულტურაში ძალიან ბევრი სამუშაოა. პირველი რიგის ამოცანაა, რომ კულტურა იყოს ყველასთვის მისაწვდომი და ემსახურებოდეს ხალხს. აუცილებლად უნდა ელოდოთ რეფორმებს. აუცილებლად იქნება რეფორმები გასაკეთებელი სახელოვნებო განათლების კუთხით. შემუშავდება კულტურის კოდექსი, რომელიც ბევრ რამეს მოიცავს და იქნება ახალი სიტყვა, ახალი წინგადადგმული ნაბიჯი. რეფორმის გარეშე წინსვლა არ არსებობს, ეს კულტურის ხალხმა კარგად უნდა გაიგოს. რეფორმები გასაკეთებელია მომავალი თაობებისთვის. არ შეიძლება, ყველაფერი ერთ გაყინულ წერტილში იყოს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თეა წულუკიანთან ერთად ვმუშაობ. კარგად ვიცი მისი სიღრმეები, თუ როგორ შეუძლია გაერკვიოს ყველა საკითხში. თეა წულუკიანი იქნება ძალიან წარმატებული. მას სხვადასხვა მიმართულებით ბევრი სიძნელის გადალახვა მოუხდება. მთავარი, რასაც ის გააკეთებს, იქნება ის, რომ გააკეთებს რეფორმებს. თეა წულუკიანი გააკეთებს ყველაფერს, რაც არის ქვეყნის ინტერესებში. მეც კომიტეტის ფარგლებში გავაკეთებ იმას, რაც ქვეყანას სჭირდება. კულტურის მიმართულებით არის რიგიდული, ძველი კანონები, ხოლო ახალი კანონები მორგებული იქნება ხალხის ინტერესებზე“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.