2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. თბილისის მერია ამ დღესთან დაკავშირებით, „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის მოსარგებლეთა რაოდენობას ზრდის.
მუნიციპალიტეტს აპრილიდან პროგრამაში დამატებით, 145 ბავშვის ჩართვის საშუალება ექნება, რის შემდეგაც, 1 375 ბავშვისა და მოზარდის კომპლექსური თერაპიის კურსებს დააფინანსებს.
პროგრამა 2015 წლის ივლისიდან ხორციელდება და დღემდე, მისი ბიუჯეტი 10–ჯერ, 500 ათასი ლარიდან 5 მლნ 200 ათას ლარამდე გაიზარდა. თავიდან პროგრამაში 325 ბავშვი იყო ჩართული, რომელთაც ორი ცენტრი ემსახურებოდა. დღეისთვის კი პროგრამაში შვიდი შესაბამისი დაწესებულებაა ჩართული. დასაწყისში პროგრამაში ჩართვა შეეძლოთ ორიდან 15 წლამდე ასაკის ბავშვებს და მოზარდებს. 2020 წელს მერიამ მათი ასაკი 18 წლამდე გაზარდა.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამა“ პრეცედენტულია და მოგვიანებით, ის არაერთმა მუნიციპალიტეტმა გაიზიარა და დანერგა.
თბილისის მერია პროგრამის ფარგლებში, უწყვეტ რეჟიმში, კომპლექსური თერაპიის 20 სეანსს აფინანსებს. ერთი ბავშვისთვის თვეში ვაუჩერის ღირებულება 400 ლარს შეადგენს, რაც მულტიდისციპლინური გუნდის – ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ნევროლოგის, ქცევითი თერაპევტის, ლოგოპედის, სპეციალური პედაგოგისა და სხვა სპეციალისტების მომსახურებას მოიცავს.