ენგურის კვეთისას დაღუპული გალელი თანამოქალაქეების პატივსაცემად გამოცხადებულ გლოვის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო სტრუქტურების შენობებზე დროშები დაშვებულია.
10 აპრილი გლოვის დღედ პრემიერმინისტრის განკარგულებით გამოცხადდა.
საქართველოს ოთხი მოქალაქე მდინარე ენგურის კვეთისას 7 აპრილს დაიღუპა.
დაღუპულებს საოკუპაციო რეჟიმისგან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის ნებართვა ჰქონდათ, თუმცა, ქართული მხარის მიერ დაწესებული კარანტინის გამო სიცოცხლით გარისკეს.
მდინარე ენგურიდან ამოყვანილი ცხედრები ერთი ოჯახის წევრები იყვნენ.
გალის მცხოვრებლებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა საოკუპაციო რეჟიმმა 1 წლის წინ, მაშინ აუკრძალა, როცა კორონავირუსი გავრცელდა. დამატებით კი საქართველოს ხელისუფლება მათ კარანტინს უწესებს, რაც მდგომარეობას განსაკუთრებით ართულებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომხდარზე მთელ პასუხისმგებლობას მხოლოდ საოკუპაციო რეჟიმს აკისრებს და აცხადებს, რომ “მომხდარმა წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების დანაშაულებრივი არსი”.