კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 154 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 781 მილიონამდე დოზაა გამოყენებული, რაც პლანეტის მოსახლეობის 5%-ის ვაქცინაციისთვისაა საკმარისი – შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.
პლატფორმის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 17.9 მილიონ ადამიანს უტარდება. ვაქცინების ყველაზე მეტი – 187 მილიონი დოზა აშშ-შია გამოყენებული. ქვეყანაში დღეში საშუალოდ 3 მილიონი ვაქცინა კეთდება. ჩინეთში ვაქცინაცია 164 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა, ინდოეთში 104 მილიონს, ევროკავშირში კი 93 მილიონი ადამიანი აიცრა. Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 54.4% ვაქცინის ორივე დოზით აიცრა. აშშ-ში ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 21.9%-მა მიიღო. ისრაელსა და აშშ-ს ჩილე, მაროკო და გაერთიანებული სამეფო მოჰყვებიან.