გეგეჭკორი: Johnson & Johnson საქართველოსთვის იდეალური ვაქცინაა და ჩინურ სინოფარმზე იაფია

აშშ-ში მომუშავე ექიმი, ნანა გეგეჭკორი წერს, რომ Johnson & Johnson საქართველოსთვის იდეალურია მისი გამოყენების პირობებიდან გამომდინარე. იგი, ასევე აღნიშნავს, რომ გაცილებით იაფია, ვიდრე ჩინური ვაქცინა, რაც საქართველოს მთავრობამ იყიდა.

“ინახება უმარტივესად, იმუნიტეტის შესაქმნელად საჭიროა მხოლოდ ერთი დოზა, აქვს საკმაოდ საიმედო ალერგიული პროფილი, ეფექტურობით ოდნავ ჩამოუვარდება რნმ ვაქცინებს, მაგრამ მაინც საკმარისად მაღალია. სამხრეთ აფრიკაში კვლევების დროს იქ უკვე იყო გავრცელებული ახალი შტამი და ამის გათვალისწინებითაც საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდა.

ამერიკაში ეს არჩევანიც გვაქვს და ბევრი ირჩევს Johnson & Johnson-ს, სწორედ ერთი დოზის საჭიროების გამო. ფასითაც ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომია. Johnson & Johnson ზუსტად 7-ჯერ უფრო იაფი ღირს ვიდრე ჩინური სინოფარმი, რაც საქართველოს მთავრობამ იყიდა”, – წერს ნანა გეგეჭკორი ფეისბუქის გვერდზე.

ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინაცია 2 ვაქცინით არის შესაძლებელი – ფაიზერით და ასტრაზენეკათი. იცრება მხოლოდ ჯანდაცვის პერსონალი და 65 წელს გადაცილებული ადამიანები.

ჩინური ვაქცინას, სინოფარმს ჯერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროკავშირის და აშშ-ის ავტორიზაცია არ აქვს.

მისით ეგვიპტეში, ბრაზილიაში, საუდის არაბეთსა და ჩინეთში იცრებიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: