საქართველოს მთავრობის ცნობით, “ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ მოქმედი რეგულაციები იცვლება”.
კერძოდ, 19 აპრილიდან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ანტიგენ-ტესტით ტესტირებას დაექვემდებარებიან; ასევე, ისინი ნებაყოფლობით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმით განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან, – აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები კი მომავალში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ტესტირების გარეშე შეძლებენ.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 291 214 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 278 683 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3 901 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 162 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 338 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 2 546 პირი.
7 აპრილს მდინარე ენგურში ოთხი ადამიანის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით გალელები და კონფლიქტების საკითხებზე მომუშავე ექსპერტები და ორგანიზაციები ქართულ მხარეს ადანაშაულებენ – რომ არა 5-დღიანი კარანტინი, რომელიც ქართულმა მხარემ დაუწესა გალის მოსახლეობას, ადამიანები გადაადგილებისთვის ისარგებლებდნენ ენგურზე გამშვები პუნქტით.
რაც შეეხება ენგურზე ერთადერთ გამშვებ პუნქტს, მისით სარგებლობა, აფხაზური მხარის გადაწყვეტილებით, მხოლოდ გარკვეული კატეგორიის ჯგუფებს [მათ შორის პენსიონერებს, შშმ პირებს, პაციენტებს] შეუძლიათ, თუმცა, ადგილობრივებისა და კონფლიქტების საკითხებზე მომუშავე ექსპერტების განმარტებით, აფხაზი და რუსი მესაზღვრეებისთვის ქრთამის [დაახლოებით, 3000 რუსული რუბლი – 120 ლარი] მიცემის შემთხვევაში, ნებისმიერს შეუძლია პუნქტი გადაკვეთოს, თუმცა გალელები დროის დაზოგვის მიზნით ქართული მხარის მიერ დაწესებულ 5-დღიან კარანტინს თავიდან ირიდებენ და შემოვლითი გზებით სარგებლობენ.