ორგანიზაცია “გადავარჩინოთ გურიის მდინარეები” განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ :
მდინარე ბჟუჟზე მიმდინარეობს წიაღის, კერძოდ ქვიშა-ხრეშის მოპოვებითი სამუშაოები.
ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ქვიშა-ხრეშის მოპოვებას მუნიციპალური ტექნიკა ახორციელებს მუნიციპალური საჭიროებისთვის.
მიუხედავად ამისა, ხაზგასმით აღვნიშნავთ რომ მდინარიდან ქვიშა-ხრეშის მოპოვებას სჭირდება ლიცენზია და კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან.
ჩვენი ორგანიზაცია წლების განმავლობაში ცდილობს ხმამაღლა ისაუბროს ქვიშა-ხრეშის მოპოვების სფეროში არსებულ სისტემურ პრობლემებზე, უკონტროლობასა და განუკითხაობაზე.
მოვუწოდებთ გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტს, მოახდინონ რეაგირება და შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი.