ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე პარტნიორებთან კრიზისის დაძლევის გზებზე ისაუბრა.
როგორც კობახიძე ამბობს, პარტნიორებისგან მიიღო მინიშნებები, რომ ქართული ოცნებისგან, როგორც მმართველი პარტიისგან, არსებობს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის მოლოდინი.
„დიდ დროს ვუთმობთ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საუბარს, როგორ წარიმართება დიალოგის პროცესი, როგორ ვხედავთ ჩვენ ამ პროცესის განვითარებას და ვისმენთ საინტერესო მოსაზრებებს და რჩევებს პარტნიორებისგან. ჩვენ გვესმის მინიშნება, რომ ქართული ოცნება არის მმართველი პარტია და სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ საკითხები გადაიჭრას. ჩვენ ვაფიქსირებთ მზადყოფნას, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები კომპრომისის მიმართულებით, რაც არაერთხელ დავადასტურეთ.
ყველა დეტალზე ინფორმაციას ვაწვდით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათგან რჩევების მოსმენა, ეს რჩევები არის ძალიან საინტერესო და ბუნებრივია, დაგვეხმარება საბოლოო ჯამში იმაში, რომ ჩვენ სათანადოდ გადავჭრათ ის საკითხები, რომლებიც უკავშირდება პოლიტიკურ პროცესების სათანადოდ განვითარებას საქართველოში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე აშშ-ში საქმიანი ვიზიტით 12 აპრილს გაემგზავრა.