საქსტატმა ახალი საარსებო მინიმუმი თვეში 178 ლარით და 10 თეთრით განსაზღვრა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საარსებო მინიმუმი 2021 წლის მარტში 178 ლარით და 10 თეთრით განისაზღვრა, რაც 3 ლარითა და 40 თეთრით მეტია წინა თვესთან შედარებით.

მინიმალური სასურსათო კალათა ჯამში 40 დასახელების პროდუქტს მოიცავს, სურსათის ხარჯების წილი კი საარსებო მინიმუმის 70%-ს შეადგენს.

_____________________________

● იანვარ-თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 8.3 პროცენტით შემცირდა
● საქართველოში 307 ათას ადამიანს ლომბარდის ვალი აქვს
● ისტორიული ვარდნა: 1994 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა ყველაზე მეტად 2020 წელს შემცირდა

_____________________________

როგორ ითვლება საარსებო მინიმუმი

დღეს არსებული საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულების მიხედვით დგება, მისი გამოანგარიშება კი სპეციალური სასურსათო კალათით ხდება. აქედან გამომდინარე, საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია.

შესაბამისად, საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური გადასახადები, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯი, რომლის გაწევაც მოქალაქეებს უწევთ.

მაგალითად, ზამთრის სეზონზე ცხოვრების საშუალო ხარჯი დაახლოებით 20%-ით ძვირია, ვიდრე ზაფხულში. თუმცა იმის გამო, რომ საარსებო მინიმუმი ამ ხარჯებს არ ითვალისწინებს, ზამთრისა და ზაფხულის საარსებო მინიმუმებს შორის სხვაობა ძალიან მცირეა.

საარსებო მინიმუმის გამოიანგარიშება შემდეგი ყოველდღიური რაციონიდან ხდება:

  • ხორბლის პური – 250 გრამი
  • სიმინდის ფქვილი – 40 გრამი
  • ლობიო – 20 გრამი
  • ბრინჯი – 10 გრამი
  • წიწიბურა – 10 გრამი
  • ძროხის ხორცი – 40 გრამი
  • მაკარონი – 15 გრამი
  • ღორის ხორცი – 20 გრამი
  • რძე – 150 მილილიტრი
  • ხაჭო -15 გრამი
  • ყველი – 20 გრამი
  • ნადუღი – 5 გრამი
  • ბადრიჯანი -10 გრამი

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის საშუალო სასურსათო ხარჯები მათ მთლიან ხარჯებთან მიმართებით 44%-ია. ანუ, მოსახლეობა შემოსავლის 44%-ს საკუთარ კვებაზე ხარჯავს, 56%-ს კი სხვა სერვისებზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლიდან, ახალ სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის შესაბამისად, საარსებო მინიმუმის წარმოებას საქსტატი აღარ განახორციელებს. რადგან, მათი განმარტებით, ეს ინდიკატორი არ გამოიყენება არანაირი დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share