ფაქტია, თუ ამ ეტაპზე, „ნაციონალური მოძრაობა“ არ შევა პარლამენტში, ქუჩაში მარტო რჩება. ძალიან დაზარალდებიან, ამას სააკაშვილი ხვდება და პროცესიდან გამოძრომას ცდილობს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოზიციის შეფასებისას განუცხადა.
მისივე თქმით, დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ ცუდსა და უარესს შორის აქვს არჩევანი.
ამასთან, როგორც შარაშენიძე ამბობს, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა ვარიანტში ზარალდება, თუმცა ქუჩაში დარჩენით უფრო დაზარალდება.
„თუ მელია თვითონ ჩააცივდება, არ გადაიხდის გირაოს, არ გადაახდევინებს არავის, მათ შორის, ევროკავშირს, მაშინ მე არ ვიცი, რა იქნება. თუ დაიჟინებს და არ გამოვა თვითონ, მაშინ უბრალოდ ევროკავშირი დაიღლება ამით – „ნაციონალური მოძრაობის“ შეუვალობითა და სიჯიუტით და არც არაფერი იქნება. შევა ყველა სხვა პოლიტიკური პარტია პარლამენტში და „ნაცმოძრაობა“ ან არ შევა, ან მოგვიანებით შევა. თუ მიიღებენ კომპრომისულ ვარიანტს, რომ ევროკავშირმა გადაიხადოს და გამოვა, მაშინ ეს ყველას აწყობს. გასაგებია, რომ ამით, შედარებით მაინც, „ნაციონალური მოძრაობა“ კარგავს სახეს, მაგრამ რაღაცას უნდა შეეგუონ. ფაქტია, რომ ამ ეტაპზე, ისინი თუ არ შევლენ პარლამენტში, ქუჩაში მარტო რჩებიან და ძალიან დაზარალდებიან. ამას სააკაშვილი ხვდება და პროცესიდან გამოძრომას ცდილობს. ისიც გასაგებია, რომ ეს ჩაითვლება მაინც „ნაცმოძრაობის“ მარცხად. კომპრომისი იქნება მათი მხრიდან, იმიტომ, რომ თავიდან ძალიან შეუვალები იყვნენ და რევოლუციას აანონსებდნენ, რევოლუცია არ შედგა, ისინი რჩებიან ქუჩაში მარტო და მოუწევთ ან შესვლა ან მარტო დარჩენა. ისინი სერიოზულად ზარალდებიან, მაგრამ უფრო ზარალდებიან ქუჩაში დარჩენით. ამიტომ უნდა აირჩიონ პირველი ვარიანტი. ცუდსა და უარესს შორის ცუდი უნდა აირჩიონ. ცუდი არის მელიას ევროკავშირმა გადაუხადოს გირაო. მელიას არ გაუშვებენ ასე მარტივად. შეიძლება ამნისტიით გაუშვან, სხვა ვარიანტი არ არის. უდანაშაულოდ არ ცნობენ, ფაქტია. თუ უნდათ რომ „ოცნებამ“ მელია უდანაშაულოდ ცნოს, ეს ფაქტია, რომ არ გამოდის და ამაზე თუ ეჭიდავებიან, დაკარგავენ ევროკავშირის მხარდაჭერას“,- განცხადა შარშენიძემ.
ამასთან, მისივე თქმით, დიდი შანსია „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ უფრო ბევრმა წევრმა დატოვოს.
„ეს უფრო დააზარალებს მათ, მაგრამ ეს მათი არჩევანი იყო. ძალიან რისკიანი ტაქტიკა აირჩიეს და ამას თავისი მსხვერპლი და ფასი აქვს. რაც შეეხება საკააშვილის ჩამოსვლას, ამაზე ერთი ანდაზაა – „აღდგომა და ხვალეო“, სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა შარაშენიძემ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში შესვლისა და შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტზე ხელისმოწერისკენ მოუწოდა, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში რაც ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს. ამასთან, როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, შემოდგომაზე რეფერენდუმის გამართვის წინ ის საქართველოში დაბრუნდება.