ამ წუთებში ოზურგეთის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითვაზე სოფელ შემოქმედის სკოლის დირექტორი და მარიამის კლასელები იმყოფებიან. როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედიდან გაუჩინარებული გოგონას კლასელები ამბობენ, ბოლო დროს მარიამი საკუთარ თავში ჩაკეტილი იყო და კლასელებთან ახლო კონტაქტი არ ჰქონია.
“ჩვენთან გადმოვიდა მე-9 კლასში მშვიდი ბავშვი იყო. სულ იყო ტელეფონში, არ გვეკონტაქტებოდა… სულ ვცდილობდით, გვემეგობრა, მაგრამ არ ჰქონია ჩვენთან კონტაქტი. ჩაკეტილი იყო. მისთვის იყო ტელეფონში და იცინოდა,” – ამბობს გოგონას კლასელი ქეთი გორგაძე ჟურნალისტებთან. რაც შეეხება ვერსიას, შეიძლება იყოს თუ არა მარიამის გაუჩინარების მიზეზი ინტერნეტთამაში “ლურჯი ვეშაპი”, გოგონა ამბობს, რომ სოფელში ეს ვერსიაც განიხილება, თუმცა მოზარდის სხეულზე დაზიანებები არავის შეუმჩნევია. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაპოვნია მარიამის ინგლისურ ენაზე დაწერილი წერილი, რომელიც პოლიციამ უკვე წაიღო და სწავლობს. ქეთი გორგაძე ამბობს, რომ წერილში მკვლელობებზეც იყო საუბარი.
“მის ოთახში იყო წერილი, ეწერა, რომ ჩემს თავში ხმები ისმისო და რა ვუყო ამ ხმებსო. რაღაცა მკვლელობაზეც ეწერა, რომ 7-ს თუ არა, 6-ს კაცს მაინც მოვკლავო და ინიციალებით ეწერა პირველი ასოები – მასწავლებლის ინიციალები ეწერა და მკვდარი კაცი ეხატა, ხელმოჭრილი. ჩემს მისიას ავასრულებო, ინგლისურად ეწერა 2 ფურცელზე. ის კი მქონდა შემჩნეული, რომ ბოლო 1 თვე დადიოდა სკოლაში, მანამდე არ უვლია და ჩემი აზრით დაგეგმილი ჰქონდა რომ წასულიყო,” – ამბობს ქეთი გორგაძე. მისი ინფორმაციით, მარიამ ბურჭულაძეს ერთი ფეისბუქმეგობარი ჰყავდა, რომელთანაც ხშირად ჰქონდა მიმოწერა. გოგონას თქმით, ოჯახი მას გაესაუბრა, თუმცა გაუჩინარებულის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.
მარიამ ბურჭულაძეს უკვე მესამე დღეა უშედეგოდ ეძებენ. გოგონა სამი დღის წინ სკოლიდან ფეხით მიმავალი რამდენიმე ადგილზე შენიშნეს, ბოლოს მისი კვალი ოზურგეთი- ქობულეთის დამაკავშირებელ გზასთან იკარგება.