ეს ფოტო, რომელზეც ასახულია ვინმე ანტონ მსხალაძე,
ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ინახება. ამბობენ ფირალი იყო, რაზეც თავს ვერ დავდებ, მარა კარგი სურათია.
ეს კი, მათთვის, ვინც არ იცის: სიტყვა ფირალი არაბულად (Φირარ) გაქცეულს ნიშნავს. ⅩⅦ საუკუნეში ამ სახელწოდების ქვეშ გაერთიანდნენ თურქეთის არმიის დეზერტირები. საფიქრებელია, რომ ეს ტერმინი აჭარიდან არის შემოსული და დამკვიდრებული გურულში. აღმოსავლეთ საქართველოში ამ ტერმინს არ იცნობენ. გურიაში ფირალი არ ნიშნავდა ყაჩაღს, მძარცველს ან კიდევ მკვლელს. ხალხის აზროვნებაში ფირალები უფრო შუასაუკუნეების რაინდული რომანების გმირებს ჰგავდნენ თავისი მოქმედებით, ქცევით და “დასაყაჩაღებელი ობიექტის” შერჩევით. მათი მსხვერპლი უმთავრესად მდიდარი ხალხი, მემამულეები და ვაჭრები იყვნენ. ავტორი ალეკო სანადირაძე პირდაპირ მოუწოდებდა: “ჩვენი აზრით, ეს გურული სახელწოდება საერთოდ უნდა დამკვიდრდეს ლიტერატურაში ე. წ. “არსენას ტიპის ყაჩაღის” აღსანიშნავად, თავისუფლებისათვის მებრძოლ დევნილთა სახელად, თორემ “ყაჩაღი” არასწორი ტერმინია _ იგი უფრო მძარცველს ნიშნავს”. ამავე აზრისაა პეტრე უმიკაშვილი: “…ყაჩაღს ეძახიან მძარცველს კაცსა, მტაცებელს, კაცის მკვლელს, ერთის სიტყვით ავაზაკს…” თუმცა აღსანიშნავია, რომ თურქული წარმომავლობის სიტყვა ყაჩაღი (კაჩაკ), ფირალის მსგავსად, ასევე გაქცეულს, გავარდნილს ნიშნავს. საინტერესოა, რომ 1841 წლის ჯანყის დროს, გლეხებმა შექმნეს რაზმი „ფირალი“, რომელიც 220-მდე კაცს ითვლიდა.