ნიკა მელია, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ხურდავდება სამ პოლიციელზე, რომელთაც ბრალი მიუძღვით მშვიდობიანი მოქალაქეების ჯანმრთელობის მძიმე ფორმით დაზიანებაში და დარბევაში, – ამის შესახებ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ლამის დააკანონა მძევლების აყვანის ტრადიცია და ახლა, ახალ ტრადიციას უყრის სათავეს, რაც არის „პოლიტიკური პატიმრების გაცვლა“.
„ამნისტიასთან დაკავშირებით მელიას პოზიცია სრულიად გასაგებია. ეს ფაქტობრივად ნიშნავს იმას, ოპოზიციას ერთგვარი ტყვეთა გაცვლის პროცესს სთავაზობენ. მელია უნდა გაცვალონ სამ პოლიციელზე, რომლებმაც იძალადეს აქციაზე, თვალები დათხარეს და სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან. ის, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ხურდავდება სამ პოლიციელზე, რომელთაც ბრალი მიუძღვით მშვიდობიანი მოქალაქეების ჯანმრთელობის მძიმე ფორმით დაზიანებაში და დარბევაში. ის არ არის მომხრე მორალით და ღირებულებებით ივაჭროს. პოლიტიკური მძევლების აყვანის ტრადიცია ლამის დააკანონა „ქართულმა ოცნებამ“ და ახლა ახალ ტრადიციას უყრის სათავეს – ეს არის პოლიტიკური პატიმრების გაცვლა. ერთია მისი პოზიცია და მეორე პარლამენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ის იძულებული იქნება ამ გადაწყვეტილებას დაემორჩილოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მის პარტიას ამაზე აქვს ხელი მოწერილი“, – აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ.
ხათუნა ლაგაზიძე ოპოზიციის მხრიდან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტის ხელმოწერასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, დარჩა შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლები თავიდანვე მზად იყვნენ მორალური კომპრომისისთვის, ან იმდენად ეჩქარებოდათ პარლამენტში შესვლა, რომ დოკუმენტის სიღრმეში არ ჩაიხედეს.
„ოპოზიციას დასავლეთზე ზეწოლის რესურსი ამოწურული ჰქონდა. შესაბამისად, ამან განაპირობა პოლიტიკური პარტიების მიერ ხელის მოწერა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია თვეები მიდიოდა ამისკენ, მაინც დარჩა შთაბეჭდილება, რომ ამ დოკუმენტზე ხელი ისე მოაწერეს, ან თავიდანვე მზად იყვნენ მორალური კომპრომისისთვის, ან სიღრმეში არ ჩაიხედეს იმდენად ეჩქარებოდათ პარლამენტში შესვლა.
როგორია „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება ამ დოკუმენტის მიმართ ცალსახაა. ვერ ვიტყოდი, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერამ ოპოზიციას პრობლემები შეუმცირა, შესაძლოა, გაუზარდა კიდეც. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება ერთგვარი წითელი ხაზი, რომელიც საბოლოოდ გამოაჩენს, რომელი ოპოზიციური პარტიები შეძლებენ გადალახონ და გააგრძელონ პოლიტიკური არსებობა. ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა გამოწვევაც არის ბევრი პოლიტიკური პარტიისთვის და შეიძლება მათი პოლიტიკური არსებობის დასასრულადაც ჩაითვალოს. ადგილობრივი არჩევნები იქნება ტესტი – ვინ გადარჩება პოლიტიკურად და ვინ გააგრძელებს არსებობას“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.