ამ ცნობილი კადრისთვის 1974 წელს საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ის ფოტოგრაფმა სლავა ვედერმა პრესტიჟული პულიცერის პრემია მიიღო. მასზე შინ დაბრუნებულ ამერიკელ პილოტს ვხედავთ, რომელმაც ვიეტნამის ომში ტყვეობაში ხუთწელიწადნახევარი გაატარა.
უფროსი ქალიშვილი (15 წლის) მამისკენ ხელებგაშლილი მიჰქრის, მას ძმები (14 და 12 წლის) და უმცროსი 11 წლის და მიჰყვებიან. და, რათქმა უნდა, ცოლი, მაღალი, ტანადი, მომღიმარი. თუმცა… 3 დღის წინ 39 წლის ქმარმა მისგან შემდეგი შინაარსის წერილი მიიღო: ყველაფერი დამთავრდა, განქორწინება მსურს.
“შევიცვალე და ბოლოს და ბოლოს, გავიზარდე. ბობ, ალბათ, გულის სიღრმეში შენც მშვენივრად იცი, რომ უკვე არაფერი გამოგვივა. ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა. მე შენ მიყვარხარ, ჩვენ ყველას გვიყვარხარ, მაგრამ უნდა გახსოვდეს, როგორ ცუდად ვგრძნობდით თავს ერთად. ეს შენი ბრალი არ არის, უბრალოდ, ერთმანეთს არ ვუხდებით… ყველას გვეამაყები. მე და ბავშვები ყოველდღე ვლოცულობდით შენს დაბრუნებაზე. მთელი სახლი შენი ფოტოებითა და ჯილდოებით არის მოფენილი. ყველაფერი გავაკეთე, ბავშვებს მამა რომ არ დავიწყებოდათ. ვისურვებდი შენთან შეხვედრას დაბრუნებისას, მაგრამ გავიგებ, თუ უარს მეტყვი”.
ეს მხოლოდ ნაწილია წერილისა, რომელსაც გაზეთებში ციტირებდნენ. პილოტს რობერტ სტერმი ჰქვია, მის ლამაზ მეუღლეს კი – ლორეტა. ძალიან ახალგაზრდა იყო, საზაფხულო სკოლის კურსდამთავრებული რომ გაიცნო, შემდეგ კი 19 წლის ასაკში ცოლად გაჰყვა. ერთმანეთი უყვარდათ, კამათობდნენ – როგორც ყველა. ოთხი შვილი გაუჩნდათ, განქორწინებას არ აპირებდნენ. შემდეგ კი ვიეტნამის ომი დაიწყო და 1967 წლის 27 ოქტომბერს ჰანოის თავზე ბომბდამშენი ჩამოადგეს, რომლის პილოტიც რობერტი ოყო. მან კატაპულტირება მოახდინა და ტყვედ ჩაბარდა, სადაც საშინელი დღეები გამოიარა. რომელიღაც მომენტში ოფიცერი 50 კილოგრამზე ნაკლებს იწონიდა. ის მხოლოდ 1973 წლის 14 მარტს გაათავისუფლს, როდესაც ამერიკელებმა ვიეტნამი დატოვეს.
და, აი, დადგა დღე, როდესაც რობერტ სტერმი შინ მიფრინავს. გზად – გაჩერება ფილიპინურ ბაზაზე, დასასვენებლად და საჭირო ბიუროკრატიული პროცედურების გასავლელად. სწორედ აქ მიიღო ბობმა მეუღლის გამოსამშვიდობებელი წერილი. ტყვეობისას მას საყვარელ ცოლზე და შვილებზე ფიქრმა გააძლებიდა. შესაძლოა, მათ ურთიერთობებს სირთულეები ახლდა, მაგრამ მამაკაცი მიიჩნევდა, რომ ყველაფერი გამოსწორდებოდა. როგორც აღმოჩნდა – ცდებოდა.
ამ კადრის გადაღებისთანავე, რომელზეც დიდი სიხარულია აღბეჭდილი, მალევე განქორწინების ხანგრძლივი და რთული პროცესი დაიწყო. სტერმმა დაადგინა, რომ მეუღლემ სხვა მამაკაცებთან შეხვედრა მისი ტყვედ ჩავარდნის მერე დაიწყო. მას ქმრის დაბრუნებამდე სამჯერ სთხოვეს ხელი. ქალი ბავშვებს ყველაფერს უმალავდა.
ბობმა სასამართლო წააგო. მეუღლეებმა შვილები თანაბრად გაიყვეს, უქმეებზე ყველა ერთად იკრიბებოდა. ყოფილმა ცოლმა სახლი, მანქანა, ყოველთვიური ალიმენტები 300$-ის ოდენობითა და სამხედრო პენსიის 40%-ზე მეტი მიიღო. აი, რატომ არ ეკიდა რობერტის სახლის კედლებზე ცნობილი ფოტო, რომელზეც მას გახარებული ოჯახი ხვდება კალიფორნიის სამხედრო ბაზაში. ლორეტას გამო…
“კვირის პალიტრა”