ამნისტიის კანონი ხელისუფლებას სჭირდება უფრო საკუთარი დანაშაულის გადასაფარად, ვიდრე მელიას გამოსაშვებად, – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისი განმარტებით, ამ ვითარებაში ამნისტიის აქტის გამოცემა საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებას არღვევს.
„გასაგებია, რაშიც არის ხელისუფლების გეგმა. თავიდანვე ვამბობდი და არაერთხელ მისაუბრია, რომ ამნისტიის კანონი ხელისუფლებას სჭირდება უფრო საკუთარი დანაშაულის გადასაფარად, ვიდრე მელიას გამოსაშვებად, თუმცა, დიდი სურვილი ჰქონდა, რომ პროპაგანდისტულად ეს შეეფუთა, როგორც მელიას გამოშვების ინსტრუმენტი, ძალიან კომფორტულად იგრძნობდა თავს. თავი რომ დავანებოთ 19-21 ივნისის მოვლენებს და ზოგად კონტექსტს შევხედოთ, რას ნიშნავს, როდესაც ხელისუფლება თავის თავს პატიობს სავარაუდო დანაშაულს? ეს არის ძალიან სახიფათო პრეცედენტი და ქმნის იმის საფუძველს, რომ ნებისმიერ მომენტში ხელისუფლებას შეუძლია იძალადოს და მერე ამნისტიის აქტით თავის თავს აპატიოს. აპატიოს როდის? სანამ გამოუძიებია. ჯერ ჩვენ ფიგურანტებიც კი არ ვიცით ხელისუფლების მხრიდან, ყველა ინდენტიფიცირებული არ გვყავს, მაკო გომური ვინც დააზიანა, ბრძანება ვინც გასცა და ა.შ. ამ ვითარებაში ამნისტიის აქტის გამოცემა ვფიქრობ, საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებას არღვევს, რადგან საქართველოს მოქალაქეების, დაზარალებულების უფლებებს არღვევს“, – განაცხადა ხუხაშვილმა.
მისი განცხადებით, თუ ხელისუფლება ძალით მიიღებს ამ კანონს, შეიძლება კონსტიტუციური დავის საგანი გახდეს.
„ვფიქრობ, ხელისუფლება ძალით მიიღებს ამ კანონს. ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ეს შეიძლება გახდეს შემდეგ კონსტიტუციური დავის საგანი იმიტომ, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებია დარღვეული. პირველ რიგში, დაზარალებულები მყავს მხედველობაში. შესაბამისად, ამით ხელისუფლებას ნუ ექნება ილუზია, რომ ეს პროცესი დასრულდება. ჩვენ თუ დღეს ასეთი პრეცედენტი შევქმენით, ხვალ და ზეგ ყველა ხელისუფალი იგივეს გააკეთებს, იძალადებს საზოგადოებაზე და მერე ამნისტიას გამოუცხადებს თავის თავს“, – განაცხადა ხუხაშვილმა.