რა დახმარებას მიიღებენ ომის ვეტერანები გურიაში

დღეს, ცივილიზებული სამყარო, ფაშიზმის დამარცხების 76-ე წლისთავს აღნიშნავს, თუმცა რუსეთი და პოტსაბჭოთა ქვეყნები ამ დღეს, ხვალ 9 მაისს აღნიშნავენ.

გურიაში დღეის მონაცემებით, სულ 9 ვეტერანია, აქედან ლანჩხუთში 2, ჩოხატაურში 3, ოზურგეთში კი 4.

ამ ადამიანებისთვის ეს დღე ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციებთანაა კავშირში და მათ მიმართ გამოჩენილი ყურადღებაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს.

აქედან გამომდინარე, “გურიის მოამბე” დაინტერესდა, თუ რას გეგმავს ადგილობრივი ხელისუფლება კონკრეტულად ამ დღისთვის.

ლანჩხუთის მერი, ალეკო სარიშვილი: ‘მუნიციპალიტეტს ხვალისთვის დაგეგმილი აქვს, რომ ეს ადამიანები, იცით რომ სამამულო ომის სულ ორი ვეტერანი ჰყავს ლანჩხუთს, სახლში მოინახულონ და ერთჯერად  ფულად დახმარებასთან ერთად ტკბილეული გადავცეთ. თითოეულზე დახმარების სახით გამოყოფილია 500 ლარი. გარდა ამისა, გვირგვინით შევამკობთ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალს.  საერთო ჯამში, ჩვენ წლის განმავლობაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 60 ათას ლარამდეა გამოყოფილი ომის ცვეტერანებისათვის და ამ თანხის ფარგლებში მათ სხვადასხვა სახის დახმარებას უწევს, ეს იქნება მედიკამენტები, სურსათი თუ კონკრეტული თანხა”-გვითხრა სარიშვილმა.

რაც შეეხება ჩოხატაურს, ის მეზობელი მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით,  სამამულო ომის სამ ვეტერანს, ფულადი დახმარების სახით 300-300 ლარს გადასცემს. რატომ სამასი და არა ხუთასი, როგორც ეს ოზურგეთსა და ლანჩხუთშია დაგეგმილი, ჩოხატაურის მერი, ირაკლი კუჭავა შემდეგს გვპასუხობს: “მოგეხსენებათ, რომ ჩოხატაურში წელს სამ ომის ვეტერანზე გაიცემა ფულადი დახმარება და ეს შეადგენს 300-300 ლარს. ეს საკრებულოს გადაწყვეტილებაა, ბიუჯეტის შესაძლებლობიდან გამომდინარე. იცით, რომ პრემიერის გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით, თითოეულ ომის ვეტერანს ერთჯერადად გადაეცემა ათასი ლარი, მუნიციპალიტეტები კი თავის მხრივ გასცემენ ერთჯერად ფულად დახმარებას.

გარდა ამისა, ჩვენ მთელი წლის განმავლობაში გვაქვს სხვადასხვა პროგრამები და ამ ადამიანებს უყურადღებოდ არ ვტოვებთ. იცით, რომ ერთ ერთ მათგანს ცოტა ხნის წინ შეუსრულდა 101 წელი, ის სახლში მოვინახულეთ და გადავეცით საჩუქრები”-გვითხრა კუჭავამ.

ისევე როგორც ლანჩხუთში, ოზურგეთი წელს თითოეულ ომის ვეტერანზე ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით 500 ლარს გასცემს. ომში დაღუპულ გმირთა მემორიალს კი გვირგვინებით ხვალ შეამკობენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share