როცა სწავლას ვამთვრებდი, ბჭობა გაიმართა, სად გამეგრძელებინა სწავლა. ბაბუა რატომღაც დაჟინებული იმეორებდა, აუცილებლად მუსიკალური განათლება უნდა მიიღოსო. მე კი უნივერსიტეტი უფრო მიზიდავდა. საშუალო სკოლა დავამთავრე ვერცხლის მედლით, რაც მაშინ გარკვეულ პრივილეგიას მაძლევდა უმაღლეს სასწავლებელში ჩასარიცხად. ერთ საღამოს ბაბუამ ცალკე დამსვა და საუბარი გამიბა: – შენ მუსიკალური ტრადიციების მატარებელი მე-6 თაობა ხარ ჩვენს ოჯახში. ჩვენ პროფესიული მუსიკალური განათლება ვერ მივიღეთ, ვინაიდან მაშინ სხვა დრო იყო და ამის საშუალება არ გაგვაჩნდა. ახლა, ბაბუ, მომღერლების ძველი თაობა წავიდა. ჩვენც თანდათან მივდივართ და ამ სიმღერებს შენახვა უნდა, პატრონი უნდა. ახალგაზრდობას ეს ნაკლებად აინტერესებს. აგერ ჩვენი სასიქადულო მომღერლები და გურული საგალობლების იშვიათი და უკანასკნელი მცოდნენი ვარლამ სიმონიშვილი და ვარლამ პატარავაც წავიდნენ ჩვენგან და ამჟამად მხოლოდ მე გამაჩნია ეს სიმდიდრე, რომელიც არც ფულზე იყიდება და არც ოქროზე აიწონება. ამ სიმდიდრის ფასს შენ ჯერ ვერ გაიგებ. ეს არის სიმდიდრე, რომლის ბადალი მსოფლიოში არ მოიპოვება. მე რომ რაიმე შემემთხვას, ისეთი განძი წამყვება თან, რომლის დაკარგვას ერი არ გვაპატიებს, რომელსაც ვერავინ ვეღარ აღადგენს და ამ ცოდვის სიმძიმე მე და შენ დაგვაწვება კისერზე. იცოდე, ეგ შენი და ჩემი საქმე როდია, ეგ საეთო საქმეა, შენ სისხლში გაქვს გურული სიმღერა გამჯდარი და ამიტომ ყველაზე მეტად შენ შეგიძლია ამ საქმის გაკეთება, თუ მუსიკალურ განათლებას მიიღებ. მახსოვს, ლენინგრადში ცნობილმა მუსიკოსებმა ჩვენი სიმღერები რომ ვერაფრით გაშიფრეს, აზრი გამოთქვეს, ნოტები ესწავლებინათ ჩვენთვის, თავად უკეთესად შესძლებენ სიმღერის ჩაწერასო. ეს არ მოხერხდა მაშინ. ეს შენ უნდა გააკეთო. საჭიროა პროფესიული მუსიკალური განათლების მიღება.
ასე გადაწყდა ჩემი მუსიკალურ სასწავლებელში გაგზავნა. უკვე კონსერვატორიის სტუდენტს, როცა არდადეგებზე სოფელში ჩავედი, ბაბუამ მკითხა, შეგიძლია თუ არა ნოტებზე გადაიტანო ერთი გურული საგალობელიო. მგონი შევძლებ-მეთქი, ვუპასუხე. მთელი დღე ვიმუშავეთ, რომ პატარა საგალობელი სანოტო ფურცელზე გადაგვეტანა. ეს იყო შობა შენი უხრწნელ არს. ამ საგალობლის არაჩვეულებრივმა პოლიფონიურმა და ჰარმონიულმა სიმდიდრემ განმაცვიფრა.
ანზორ ერქომაიშვილი, 2006 წელი.
წყარო: ფოლკ ამბები