ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არის ერთ-ერთი გამორჩეული თემი. შესანიშნავი ბუნებით, სამკურნალო წყლებით და რაც მთავარია, მდიდარი ისტორიით. ეს არის ძიმითის თემი, რომელიც მოიცავს სამ სოფელს: ზედა ძიმითს, ქვედა ძიმითს და ნასაკირალს.
პროექტ „ჩემი რეგიონის“ ფარგლებში, TIA.GE სოფლის ერთ-ერთ წარმომადგენელს შოთა თოხაძეს გაესაუბრა. იგი კარგად იცნობს ძიმითის ისტორიას, რადგან წარსულში იგი სწორედ ამ თემის კოლ-მეურნეობის თავმჯდომარე, გამგებელი, ბრიგადირი, საკრებულოს თავმჯდომარე თუ სხვა თანამდებობებზეა ნამუშევარი.
პირველ რიგში, რამაც ჩვენი ყურადღება მიიქცია, არის სოფელში მდებარე „ცხავათას მთა“, სადაც, როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, 1966 წელს გაიხსნა მუზეუმი, რომელსაც სტუმრობდნენ მეზობელი რესპუბლიკებიდანაც.
„სტუმრები გვყავდა საზღვარგარეთიდან, მაგალითად გერმანიიდან, რადგან აქ იყო ეთნოგრაფიული მუზეუმი და ითვლებოდა ერთ-ერთ პრესტიჟულ ადგილად. აქ მნახველები ეცნობოდნენ გურულ ყოფას. აქ ნახავდით ბეღლებს, ოდა-სახლებს და ხულებს. ერთი პერიოდი ნაკრძალადაც გამოცხადდა ეს ტერიტორია და გაშვებული იყო ცხოველები, მაგალითად ირმები და შველები. ტერიტორია სიმწვანეშია ჩაფლული, თუმცა 1994 წელს ამ მთაზე არსებული შენობები დაიწვა გაურკვეველ ვითარებაში,“ – განაცხადა შოთა თოხაძემ.
სოფელში მიწიდან ამოდის გოგირდოვანი წყალი, რომელსაც ცეცხლი ეკიდება და მას სამკურნალოდ იყენებს ადგილობრივი და მეზობელ სოფლებში მცხოვრებნი.
აი რას გვეუბნება ამ წყლებთან დაკავშირებით შოთა თოხაძე: „ეს წყლები აღმოჩენილ იქნა 60-იანი წლების შუა ხანებში. მას ეკიდება ცეცხლი და მოსახლეობა პრიმიტიულად, ღია ცისქვეშ იღებდა აბაზანებს. ახლა ჭურჭლებითაც კი გადააქვთ ოჯახებში და გამოთქვამენ ძალიან დიდ კმაყოფილებას მისი სამკურნალო თვისებების გამო. განსაკუთრებით რევმატიული და სახსრების დაავადებების წინააღმდეგ სამკურნალოდ. აქვე გვერდით, ამოდის მეორე სახის წყალი, რომელსაც მოიხმარენ კუჭ-ნაწლავის დაავადებების მქონე ადამიანები. ამ წყლის სიკეთე მეც გამოვცადე ჩემს თავზე“.
– ბატონო შოთა, რა იცით თემის სახელწოდების შესახებ?
– ამ შემთხვევაში, მე დავეყრდნობი ამბროსი შევარდნაძის ერთ-ერთ წიგნში გამოთქმულ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც ძველად, თურმე მთა „თაინაზე“, დიდ ტყეში ცხოვრობდნენ (თავს იფარავდნენ გურიაში მოთარეშე მაჰმადიანებისგან) ქრისტიანი ბერები, რომლებსაც ეძახდნენ „მამებს“, ხოლო ახლანდელი ძიმითის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ „ძმანი“ მათნი, აქედან წარმომდგარა სოფლის სახელი.
– ბატონო შოთა, ჩვენ დავათვალიერეთ ის ადგილი, სადაც ამოდის გოგირდოვანი წყალი. იქ მეტად არასასიამოვნო გარემოა. თქვენი აზრით, რის გაკეთება შეიძლება ამ ადგილას?
– დარწმუნებული ვარ, თუ განხორციელდება პროექტი, იგი არ იქნება წამგებიანი არც სახელმწიფოსთვის, არც ინვესტორებისთვის, რადგან იგი არ ჩამოუვარდება თავისი სამკურნალო თვისებებით წყალტუბოს სამკურნალო წყლებს. ტყის მასივის და ინფრასტრუქტურის მოწყობით გურიას ექნება ერთ-ერთი ულამაზესი სამკურნალო და დასასვენებელი ადგილი, სადაც დასაქმდებიან ადგილობრივები და კმაყოფილი იქნება განსაკუთრებით გურია-აჭარის მოსახლეობა.
– საინტერესოა, ამ თემიდან თუ იყო ვინმე ცნობილი ადამიანი/ადამიანები?
– ძიმითადან იყვნენ : საფო მგელაძე (მწერალი), „გმირთა ვარამის“ ავტორი ლევან გოთუა, დათა გუგუნავა (საზოგადო მოღვაწე) და ყველასთვის ცნობილი „თამარიანის“ ავტორი სიმონ გუგუნავა.
ბოლოსკენ, გეტყვით, რომ ყველა სოფელს თავისი ისტორია აქვს, რომელსაც შენარჩუნება სჭირდება. ძიმითიც ერთ-ერთი მათგანია, თან ძალიან ლამაზი, მდიდარი ბუნებით და მდიდარი ისტორიით.
სტატიის ავტორი: გიორგი მორჩილაძე0