“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნების დღეს დაგეგმილი დესტრუქციული ქმედებების ნაწილი უკვე დადასტურდა. როგორც კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინზე განაცხადა, ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნულმა წევრებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით უარი თქვეს საარჩევნო კომისიებში ფუნქციების გასანაწილებელ კენჭისყრებში მონაწილეობაზე.
მისივე თქმით, შეინიშნება „ნაცმოძრაობის“ ფეიკ-სადამკვირვებლო ორგანიზაციების დესტრუქციული ქმედებები, რომელთაგან “პლატფორმა 2020“ გამოირჩევა.
გარდა ამისა, როგორც კობახიძემ განაცხადა, საარჩევნო ინვენტარის მოპარვის ფაქტი დაფიქსირდა ბოლნისის 55-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ოპოზიციის ორ წარმომადგენელს, არზუმან ხასიევს “ევროპული საქართველოდან“ და ვაშაძის პარტიის კანდიდატს, ელიმდარ მირიევს, გადასატანი ყუთის გატაცების მცდელობა ჰქონდათ.
“აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტს კამერით “ტვ პირველის“ ოპერატორი აფიქსირებდა, თუმცა ყუთის მოპარვისთანავე ოპერატორმა კამერა გათიშა და ტექნიკური ხარვეზი მოიმიზეზა. შეინიშნება ერთ-ერთი ფეიკ-სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ ამომრჩევლის ფოტოგადაღება, რაც თავისუფალი არჩევნების პრინციპის უხეში დარღვევაა. აგრეთვე, ფიქსირდება ამავე ფეიკ-ორგანიზაციის მიერ საარჩევნო უბნებში აგიტაციის აკრძალვის წესის სისტემური დარღვევა. გარდა ამისა, კონკრეტულ რაიონებში, მაგალითად ბოლნისში, შეინიშნება ჩვენს მიერ წინასწარ დასახელებული პირების მიერ ზონდერჯგუფების მობილიზება. პისტოლეტით შეირაღებული დემოსტრაციულად გადაადგილდება დიმიტრი შაშკინი. ვაფრთხილებთ მათ, რომ დესტრუქციის ნებისმიერ მცდელობას კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე შესაფასებით, “თვალშისაცემია პარტიული ტელევიზიების მიერ საარჩევნო პროცესის უპრეცედენტოდ უპასუხისმგებლო გაშუქება“. “სიცრუისა და სიყალბის ხარისხი დღევანდელ დღეს მათი ისედაც ყალბი სარედაქციო პოლიტიკის ფონზეც კი გამორჩეულია. ჩვენს აქტივისტებსა და მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მაქსიმალური მოთმინებისა და თავშეკავებისაკენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.