“ოცნებას” სტრასბურგმა უთხრა, რუსეთს ოკუპანტი დაუძახეთო”- სანიკიძე

ჩვენ ხელისუფლებას სტრასბურგმა დაავალა,  რომ ბოლოსდაბოლოს რუსეთს ოკუპანტი დაუძახოს. დოკუმენტურად ეს დავალება აქვს და ვნახოთ რამდენად გაბედავენ, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა გუბაზ სანიკიძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტიკის ფორმულა” განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება თავისი შინაარსით რუსეთის ადმინისტრაციაა და ამის დასტურია ის, რომ ივანიშვილმა მემკვიდრე კობახიძე დატოვა, რომელიც 20 ივნისის მოვლენებთან ასოცირდება.

“უკვე დოკუმენტი გვაქვს, სადაც ცხადად არის ნაჩვენები, რაც დაგვემართა ჩვენ და რაც დაგვმართა რუსეთმა. მეორე, ჩვენ ხელისუფლებას სტრასბურგმა დაავალა,  რომ ბოლოსდაბოლოს რუსეთს ოკუპანტი დაუძახოს. დოკუმენტურად ეს დავალება აქვს და ვნახოთ რამდენად გაბედავენ. ეს მათთვის ისეთი სიტყვაა “ოკუპანტი” რომ ერიდებიან ამას. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც შინაარსით არის რუსეთის ადმინისტრაცია საქართველოში. აგერ მემკვიდრე დაგვიტოვა ბატონმა ბიძინამ, რომელიც გაიგივებულია 20 ივნისის მოვლენებთან. პირდაპირი მემკვიდრეა გავრილოვის მასპინძელი, რომელმაც ჩასვა ზვიად გამსახურდიას სავარძელში”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მისი თქმით, ხელისუფლება არ გამოიყენებს შანსს, რომ დეოკუპაციის მიმართულებით რეალური ნაბიჯები გადადგას.

“ეს ხელისუფლება არ გამოიყენებს ამას. მაქსიმალურად შეეცდება, რომ ეს დოკუმენტი მიჩქმალული იყოს. დღევანდელ ხელისუფლებას თავისი დღის წესრიგი აქვს, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო უნდა განადგურდეს და საბოლოო ჯამში ლოგიკურ დასარულამდე უნდა მივიდეს, რასაც ჰქვია მესამე მიერთება რუსეთის გვამზე. ეს კრემლის დღის წესრიგით ხდება, დარწმუნებული ვარ, რომ კობახიძის დატოვებაში მისი ხელი ურევია”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share