სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასულ ორ მოქალაქეს, რომელმაც ხელშეკრულების პირობები დაარღვია და დასაქმების ადგილი თვითნებურად დატოვა, შესაძლოა, სანქციები დაეკისროს.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში განუცხადეს.
თუმცა, უწყებაში არ აკონკრეტებენ, რა სახის სანქცია დაეკისრებათ საქართველოს მოქალაქეებს და შესაძლოა, თუ არა გერმანიიდან ისინი დეპორტაციით დაბრუნდნენ.
„დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ფორმდება ინდივიდუალური ხელშეკრულებები და სათანადოდ კონტრაქტის სხვადასხვა სახით დარღვევისთვის განსაზღვრულია სხვადასხვა სახის სანქცია, რომლის აღსრულებაც ხდება გერმანელი დამსაქმებლისა და გერმანული კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი უწყებების მიერ. გარდა ამისა, გერმანულ კანონმდებლობაში არსებობს კანონი, რომელიც არეგულირებს ხელშეკრულებების შედგენის სტანდარტებს, ასევე პირობების დარღვევის შემთხვებში პასუხისმგებლობებს“, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ დასაქმების სააგენტოში.
მათივე ინფორმაციით, თუ კი პირი დატოვებს გერმანიაში სეზონური დასაქმების შესახებ სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების სქემას, ამის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება სამუშაო ნებართვის გამცემ უწყებას, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რის შემდგომაც მოხდება რეაგირება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შესაბამისი უწყებების მიერ, აღნიშნულ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.