აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ზურაბ გურული ბეროლურში ჩატარებულ სპეცოპერაციას ასე ეხმაურება:
„პუტინის ბელორუსული სპეცოპერაცია
———————————————–
სახელმწიფო მდივან ბლინკენის ყოვლად სამარცხვინო გარიგებამ ლავროვთან თავისი შედეგი უკვე გამოიღო. ცხადია ბლინკენი ამ გადაწყვეტილებას მარტო ვერ მიიღებდა, მის უკან ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შეფი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლებიც დგანან. ახალი „გადატვირთვა“ დაწყებულია. უაღრესად სახიფათო პერიოდი იქნება შემდეგი 2-3 წელი რუსეთთან დაპირისპირებული ყველა ქვეყნისათვის და ცნობილი პიროვნებისათვის. „გადატვირთვა 2“-ის ავტორები მაქსიმალურად შეეცდებიან არაფრით შეუშალონ ხელი რუსეთთან „მეგობრული“ კონტაქტების აღდგენას. ამისათვის ისინი მზად იქნებიან თვალი დახუჭონ არაერთ გამოხტომაზე. ცხადია, ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ამ იდიოტიზმის შემოქმედი პოლიტიკური გუნდი იძულებული არ გახდება, აღიაროს კიდევ ერთი ფიასკო. უილიამ ბარნსმა, „გადატვირთვა 1“-ის ერთერთმა შემოქმედმა კარგად იცის, რომ მეორედ ჩაფლავება მის კარიერულ ამბიციებს ძალიან მაგრად დაარტყამს, ამიტომ მაქსიმალურად შეეცდება დრო გაწელოს და რუსული თავხედობები ითმინოს. პუტინმა შესანიშნავად იცის მისი ფსიქოლოგიური პროფილი და პოლიტიკური მრწამსიც. ამიტომ, სანამ „გადატვირთვა 2“-ის შესავალი ეტაპი გრძელდება, ის მაქსიმალურად გამოიყენებს ყველა იმ სვლას, რომლებსაც აქამდე ერიდებოდა ამერიკასთან მკვეთრი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად.
ევროპული ავიახაზების თვითმფრინავის „ციდან ჩამოხსნა“ ძალიან სცილდება 9 მილიონიანი ქვეყნის ენდემური დიქტატორის თავხედობის მასშტაბებს. ეს აშკარად რუსული სპეცოპერაციაა. თუმცა ლუკაშენკო ისევე „შეიტენის“ ამ მისთვის უაზრო და დამანგრეველ ქმედებას, როგორც 20 ივნისი „შეიტენეს“ მავანთ საქართველოში.
„გადატვირთვა 2“ ერთი-ერთზე ემთხვევა ევროკავშირის, კერძოდ გერმანია-საფრანგეთის საგარეო კურსს რუსეთთან მიმართებაში; შესაბამისად, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ საცოდავი პროტასევიჩის დასახმარებლად ვინმე სერიოზულად გამოიდებს თავს შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში.
ბელორუსიის წინააღმდეგ მიმართული სანქციები ისევ ბელორუს ხალხს დაარტყამს, თორემ ლუკაშენკო ისედაც განწირულია და ბელორუსიის საზღვრებს აწი სიკვდილამდე აღარ დატოვებს. რამდენიმე კურდღელი ერთად მოკლა პუტინმა ამ სპეცოპერაციით: 1. შემოიმტკიცა ბელორუსია; 2. მომაკვდინებელი მესიჯი გაუგზავნა ბელორუსთა ოპოზიციას; 3. ყურმოჭრილ მონად გაიხადა ლუკაშენკო; 4. დასავლეთის ყურადღება დროებით სრულიად აირიდა; 5. მესიჯი გაუგზავნა უკრაინასაც.
ვნახოთ რა გაგრძელება ექნება ამ უპრეცედენტო სახელმწიფოებრივი ტერორიზმის აქტს. არსებობს იმის ალბათობაც, რომ პუტინი „იშუამდგომლებს“ დასავლეთსა და ლუკაშენკოს შორის და ამით „მოხიბლავს“ გულაჩუყებულ დასავლეთს. უკრაინასთან გარდაუვალი სამხედრო შეტაკების წინ მას ძალიან სჭირდება დასავლური ნეიტრალიტეტი. თუმცა, შემდეგი სვლა იმაზე უფრო იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად სერიოზული რეაქცია ექნება ამერიკას პროტასევიჩის დატყვევებაზე. ცხადია, დასავლეთი არც კი შეეცდება რუსეთის ხელის დანახვას ამ სპეცოპერაციაში. ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ამ ეტაპზე სხვა პოლიტიკური პრიორიტეტები აქვს.“