2020-2021 ჰიბრიდულ-პანდემიური სასწავლო წელი ნელ-ნელა იწურება და მალე პედაგოგები მოსწავლეებს დაემშვიდობებიან იმ იმედით, რომ გაისად ბევრი რამ უკეთ იქნება; რა შეიცვლება სექტემბრიდან, ამაზე საუბარი ახლა ცოტა ნაადრევია, თუმცა Etaloni.ge-ს არაერთმა პედაგოგმა მოგვმართა კითხვით – იგეგმება თუ არა ახალი სასწავლო წლიდან მასწავლებლებისთვის ხელფასების მატება.
ნამდვილად ვერ ვიტყვით, საიდან გაჩნდა, მსგავსი მოლოდინი, თუმცა თავის დროზე მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმაც განაცხადა, რომ მასწავლებლების ანაზღაურება 4 წლის განმავლობაში, ნელ-ნელა გაიზრდებოდა და სავარაუდოდ, ინფორმაცია ახალი სასწავლო წლისთვის პედაგოგების ხელფასების მატებაზე სწორედ აქედან წამოვიდა.
Etaloni.ge-მ საკითხის გადამოწმება პირველწყაროსთან სცადა და კითხვით – გაიზრდება თუ არა პედაგოგების ხელფასები ახალი, 2021-2022 სასწავლო წლიდან? – განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა, სადაც გვიპასუხეს, რომ „ანაზღაურების მატება ჯერჯერობით არ განიხილება და თუ ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე დაიგეგმება, აუცილებლად გააჟღერებენ“.
https://www.etaloni.ge/