დუგინი: რუსეთმა ლევან ვასაძესა და მის მოძრაობას მეტი ყურადღებით უნდა მიადევნოს თვალი

https://tabula.ge/

კრემლის იდეოლოგმა, ალექსანდრ დუგინმა თავის YouTube არხზე საქართველოს შესახებ მორიგი ვიდეო ჩაწერა. მიმართვაში დუგინი კვლავაც აყალბებს საქართველოს ისტორიას და აკნინებს დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობას. ამავდროულად, ვიდეოში დუგინი აკრიტიკებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების წლებს, ადანაშაულებს პარტიას რუსეთთან ომის წამოწყებაში და აქებს ქართულ ოცნებას, მიიჩნევს რა, რომ ბიძინა ივანიშვილის ნაბიჯები უფრო “რაციონალურია”.

თუმცა, ვიდეო მიმართვის ძირითადი ნაწილი მის მეგობარს, პუტინისტ ბიზნესმენს, ლევან ვასაძესა და მის ახლადშექმნილ პოლიტიკურ მოძრაობას ეხება. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოში ალექსანდრ დუგინი რუსეთის ხელისუფლებას მიმართავს, ვასაძის მოძრაობით მეტად დაინტერესდნენ, მიმართვა უფრო მეტად ქართველი აუდიტორიისთვისაა განკუთვნილი, ვინაიდან დუგინი ცდილობს, მაყურებელი დაარწმუნოს, რომ ლევან ვასაძე, როგორც “პატრიოტი და ნაციონალისტი ქართველი” რუსეთისთვის პრობლემა იქნება.

“მოძრაობის ჩამოყალიბებისთანავე ექსპერტებმა და ანალიტიკოსებმა ერის გამარჯვება იწინასწარმეტყველეს. ერთში ამან აღფრთოვანება გამოიწვია, მეორე ნაწილში კი ბრაზი. თუმცა, ამ ახალმა პარტიამ მკვეთრად შეცვალა ქართული პოლიტიკის ბალანსი. რა დამოკიდებულება აქვს ლევან ვასაძის მოძრაობას ჩვენთან, რუსებთან? აქ რამდენიმე ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ.

პოზიტიურია, რომ ერი დგას საქართველოს მართლმადიდებელ იდენტობაზე, ტრადიციიული საზოგადოების ნორმებთან დაბრუნებაზე, იცავს ტრადიციულ ოჯახს, მკვეთრად ეწინააღმდეგება გლობალიზაციასა და ულტრალიბერალიზმს, კატეგორიულად უარყოფს გენდერის პოლიტიკას და Cancel Culture-ს [გაუქმების პოლიტიკა].

თუმცა, ამავდროულად, ლევან ვასაძე ქართველი პატრიოტია, რაღაც მხრივ ქართველი ნაციონალისტიც კი. ის თავის პროგრამას ამყარებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე და მის სუვერენიტეტს ამტკიცებს. ამან, შესაძლოა, მოსკოვისთვის პრობლემები შექმნას. ვასაძე არც პროდასავლელი და არც პრორუსი პოლიტიკოსი არ არის. გახდება თუ არა ქართველებისთვის მნიშვნელოვან, პოლიტიკურ მაისში დაარსებული პარტია ქვეყნის ახალი ფურცელი, ამას მოგვიანებით ვნახავთ. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში საქართველო მთელი ამიერკავკასიის გასაღებია.

თუკი რუსეთს სურს თავისი გეოპოლიტიკური წინააღმდეგობების გადალახვა ამ საციცოხლოდ მნიშვნელოვან რეგიონში, რაც გამორიცხულია ცალსახად პროდასავლური პოლიტიკის პირობებში, მაგრამ შესაძლებელია, თუმცა საკმაოდ რთულია, ჭეშმარიტად ნაციონალისტური ლიდერის პირობებში, უფრო ყურადღებით უნდა მიედევნოს თვალი ვასაძესა და მოძრაობა ერს”. – თქვა ალექსანდრ დუგინმა.

26 მაისს მთავარმა არხმა ასევე გაავრცელა ვიდეო, რომლის მიხედვითაც, დამოუკიდებლობის დღე ლევან ვასაძემ რუსეთში აღნიშნა და იქ სწორედ ალექსანდრ დუგინს შეხვდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share