საქართველოსა და საბერძნეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება

მიმდინარე წლის 3 ივნისიდან, საქართველოსა და საბერძნეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება. ათენი – თბილისი – ათენის საჰაერო ხაზზე ავიარეისებს ავიაკომპანია Aegean Airlines-ი შეასრულებს. სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ოპერირება ორი ქვეყნის დედაქალაქს შორის თავდაპირველად კვირაში ერთი სიხშირით დაიწყება, ხოლო ზაფხულის სანავიგაციო სეზონის მიმდინარეობისას, ფრენების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.

ათენი – თბილისი – ათენის მიმართულებით რეგულარული რეისები შემდეგი განრიგით შესრულდება: 3 ივნისიდან 29 ოქტომბრამდე, რეგულარული რეისები განხორციელდება ყოველ პარასკევს, 4 ივლისიდან სეზონის ბოლომდე (29 ოქტომბერი), დაემატება კიდევ ერთი სიხშირე და ფრენები შესრულდება ყოველ პარასკევს და კვირას, ხოლო 21 ივლისიდან, ავიაკომპანია დაამატებს მესამე სიხშირეს და სეზონის დარჩენილ პერიოდში ფრენები განხორციელდება ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share