სალომე ანდრონიკაშვილი – რუს პოეტთა მუზა,ქართველი აგრონომისა და საზოგადო მოღვაწის ნიკოლოზ ანდრონიკაშვილის ქალიშვილი 1888 წელს დაიბადა თბილისში.არისტოკრატული მანერების, დახვეწილი გემოვნებისა და იუმორის მქონე მშვენიერი ქალბატონი სანქტ-პეტერბურგის საზოგადოებამ “ვერცხლის საუკუნის” ლეგენდად, პოეტებისა და მხატვრების მუზად და ყველაზე ბრწყინვალე ლამაზმანად აღიარა. მან საინტერესო, მშფოთვარე და საოცარი თავგადასავლებით აღსავსე ცხოვრება განვლო, რასაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა XX საუკუნის ქართველი და რუსი ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლებთან მეგობრობა.სალომე ხშირად სტუმრობდა სანქტ-პეტერბურგის პოპულარულ ლიტერატურულ-არტისტულ კაფე “Бродячая собака”-ს (“მოხეტიალე ძაღლი”), რომლის დიდებულებას ქმნიდნენ ანა ახმატოვა, ნიკოლაი გუმილიოვი, კონსტანტინ ბალმონტი, ვლადიმირ მაიაკოვსკი, იგორ სევერიანინი, ოსიპ მანდელშტამი, არტურ ლურიე, სერგეი სუდეკინი (რომლის მიერაც იყო მოხატული კაფეს კედლები) და სხვა ცნობილი პირები. სწორედ ამ არტკაფეში გაიცნო სალომემ და დაუმეგობრდა გენიალურ რუსს პოეტ ქალს, ანა ახმატოვას.სალომე ანდრონიკაშვილის მეგობრებს შორის იყვნენ: უინსტონ ჩერჩილის მეუღლე კლემენტინა, დიზაინერი კოკო შანელი, მაქსიმ გორკის ყოფილი მეუღლე და სხვები.მიუხედავად უდარდელი ბავშვობისა, სალომეს პირველი ქორწინება რუს მემამულე პავლე ანდრეევთან უიღბლო გამოდგა. ანდრეევი მექალთანე გამოდგა, რაც ამაყმა ქართველმა ლამაზმანმა არ აპატია.არისტოკრატული ცხოვრების მოყვარული ლამაზმანი ქალბატონი, რუსეთში დაწყებულმა არეულობამ იძულებული გახადა საყვარელი სანკტ-პეტერბურგი დაეტოვებინა. 1917 წელს ის შვილთან – ირინესთან ერთად, ბაქოს გავლით, თბილისში გამოემგზავრა. როგორც ცნობილია, ხარკოვში სალომე ბოლშევიკების ხელში ჩავარდა და სიკვდილისგან მომავალმა მეუღლემ, საფრანგეთის არმიის მზვერავმა, მაქსიმ გორკის შვილობილმა ზინოვი პეშკოვმა იხსნა.”მამა! დაურეკე ლენინს, ტროცკის, თუნდაც კარლ მარქსს, ოღონდ კი ხარკოვის ციხიდან დაიხსენი სალომე”, – წერდა ზინოვი გორკის.შეყვარებული ზინოვის მცდელობა წარმატებით დასრულდა, სალომე გაათავისუფლეს, ის მშობლიურ თბილისს დაუბრუნდა, სადაც ქალბატონი ისევ ყურადღების ცენტრში მოექცა.სალომეზე შეყვარებული ზინოვი პეშკოვი საქართველოს მენშევიკურ მთავრობაში ფრანგული წარმომადგენლობის წევრი გახლდათ და მისი დახმარებით სალომე ანდრონიკაშვილი ბათუმიდან საფრანგეთის სამხედრო გემს გაჰყვა. ყოველგვარი საბუთებისა და განსაკუთრებული მომზადების გარეშე, ზინოვმა ის მოსალოდნელ საფრთხეს ააშორა, როგორც ამბობენ, სალომეს სამხედრო გემზე არ უშვებდნენ, მაგრამ ზინოვის ვაჟკაცობამ წინააღმდეგობებს გაუძლო, ქართველი ლამაზმანი საფრანგეთში წავიდა.სალომე პარიზში დასახლდა.1926 წელს თავის ძველ თაყვანისმცემელს, დროებითი მთავრობის მინისტრთა კაბინეტის მდივანსა და ბოლშევიკთა ტყვეობას გადარჩენილ ალექსანდრე გალპერნს ცოლად გაჰყვა, თუმცა ზინოვისთან მიმოწერა არ შეუწყვეტია.ამ პერიოდში სალომემ პარიზის მოდის ჟურნალში დაიწყო მუშაობა.მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე სალომე და გალპერნი ევროპას გაერიდნენ, ისინი დროებით ამერიკაში გადასახლდნენ. სწორედ ამ პერიოდში გაიცნო სალომემ ბერძენი მილიარდერი არისტოტელე ონასისი, რომელთანაც მას შემდგომში მჭიდრო მეგობრობა აკავშირებდა.მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გალპერნი ლონდონში მაღალ თანამდებობაზე დანიშნეს. სალომე, მეუღლესთან ერთად, ულამაზეს სახლში დასახლდა. ლონდონში სალომე დაუმეგობრდა ბრიტანეთის პრემიერის უინსტონ ჩერჩილის მეუღლეს კლემენტინას, მსახიობ პიტერ უსტინოვს, თუმცა ყველაზე ახლო მეგობრად ქართველი ლამაზმანი მაინც ბარონესა ბუდბერგს, მაქსიმ გორკის ყოფილ მეუღლეს მიიჩნევდა.მიუხედავად მდიდრული ცხოვრებისა, სალომეს დროთა განმავლობაში საქართველოს მონატრება უძლიერდებოდა. სიცოცხლის ბოლო წლებში ის კულინარიით დაინტერესდა და რეცეპტების წიგნიც კი გამოსცა: “მთელი ცხოვრება ვფიქრობდი, რომ ხელოვანთა მუზა ვიყავი, სიბერეში კი მივხვდი, რომ მზარეული ვყოფილვარ”, – ხუმრობდა ის საკუთარ თავზე. ლონდონელებმა ინტერესით მიიღეს ქართველი თავადის წიგნი და მის წრეში ქართული კერძების, განსაკუთრებით კი საცივის რეცეპტი დიდი პოპულარობით სარგებლობდა თურმე.სალომე ანდრონიკაშვილმა უკანასკნელი 90 წლის იუბილე საზეიმოდ აღნიშნა, ის 1982 წლის 8 მაისს ლონდონში გარდაიცვალა…ტექსტი: ეკა გადახაბაძის სტატიის მიხედვით.ფოტო გადაღებულია ქ. ბათუმში სალომე ანდრონიკაშვილის მამის ბათუმის თავის თანამდებობაზე ყოფნის დროს 1902 წლიდან 1916 წლამდე.დამანა მდივნიშვილის კოლექციიდან.პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი.