ფოტოზე გოგია ღლონტი.
გასაბჭოების შემდეგ ბოლშევიკებმა გურია რვა სამოქმედო რაიონად დაყვეს. მაზრას სათავეში ჩაუყენეს სამაზრო კომიტეტი, რაიონებს _ რევკომის თავმჯდომარეები. ყველა რაიონში ჩამოყალიბდა მილიციონერთა რაზმები `ჩონის~ (Части Особого Назначения) სახელწოდებით. ამ რაზმების დანიშნულება იყო კონტრევოლუციონერთა, მენშევიკთა განადგურება. თავდაპირველად `ჩონის~ ხელმძღვანელი იყო საშა ობოლაძე, შემდეგ კი ვალიკო ტალახაძე. როგორც ამბობენ, გურიაში ასეთ სისასტიკეს მოსახლეობისადმი თვით ალიხანოვ-ავარსკიც არ იჩენდა. ბოლშევიკებს კი თავის გასამართლებლად ის არგუმენტი მოჰყავდათ, რომ გურია ცნობილია, როგორც მენშევიკური მხარეო, გურიაში მთელი გლეხობა აღდგა ჩვენს წინააღმდეგო. ოზურგეთის მაზრის პოლიტბიუროს უფროსი მელიქიძე 1923 წ. სერგო ორჯონიკიძისათვის გაგზავნილ მოხსენებაში წერდა: `(გურია) ცოტ-ცოტა ცელქობს, მაგრამ ალბათ მალე მოვა ჭკუაზე… ამხანაგი ობოლაძე როგორც საფრთხობელა, ჩვენს მტრებს არ აძლევს მოსვენებას. ირგვლივ გაისმის მუქარა, ადგილი ჰქონდა ტერორიზებასაც. მაგრამ ხუთეული ისმენს და ხვრეტს. 6 იანვარს დახვრეტილი იქნა 8 კაცი. ამ დღეებში, ალბათ კიდევ დავტკბები `ცოცხალი უფასო სურათებით~. სიკვდილით დასჯის პროცესი მეტისმეტად გამარტივებული გახდა, ხალხს კონვეირული სისტემით ხოცავდნენ, `როგორც ხარებს ჩიკაგოს სასაკლაოზე~. ერთხელ თურმე ობოლაძეს უთქვამს: `ერთი ჩავიარო ჯურუყვათში და ჩავხოცო ათი-თორმეტი კაციო~. მისი სახელით ბავშვებს აშინებდნენ, ადამიანების წარმოდგენაში ის `სატანა, კაციჭამია ურჩხული იყო~. ობოლაძეს გოგია ღლონტმა მოუღო ბოლო. ატყდა სროლა კვაჭალათზე, ჩააძაღლეს ობოლაძე. გურიაში რა გინდოდა, თუ სიკვდილი არ გინდოდა. ამონარიდი წიგნიდან ,,ტერორისტები”.
ავტორი: ირაკლი მახარაძე