“ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთი ძეგლი უნდა დაუდგას ბიძინა ივანიშვილს, როგორც მისი პარტიის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ მხარდამჭერს. ასე გააძლიერო ცოტა ხნის წინ წაგებული პარტია, ამას უნარი და ნიჭი უნდა”.
ასე შეაფასა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო არჩევნების შედეგები.
„2012 წელს ვინც გავიმარჯვეთ და ვისაც გვეგონა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ აღიარებდა გამარჯვებას, ეს ხალხი დღეს ვუყურებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო ის, რაც „ნაციონალებმა“ შეძლეს 2012 წელს – იმის აღიარება, რომ მათ არ აქვთ ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერა. „ნაციონალებმა“ შეძლეს და თვალი გაუსწორეს იმას და თქვეს, რომ ქართველმა ხალხმა დღეს ზურგი მოგვაქცია. როგორ ვერ უნდა იპოვნო საკუთარ თავში იმის ძალა, რომ მარცხი აღიარო. მე ეს მოლოდინი არ მქონდა სააკაშვილის მიმართ, მაგრამ მან მაშინ ამის გაკეთება შეძლო.
ჩვენ უნდა ველოდოთ ახლა ძალიან რთულ ჭიდაობას არჩევნებში დარღვევების აღმოსაფხვრელად. ოპოზიციამ უნდა დაიცვას ამომრჩევლების ხმები“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, იმაში, რომ „ქართული ოცნება“ პირველ ადგილზეა გასული, ეჭვი არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ შეაქვს, მთავარია, რამდენი პროცენტითაა გასული.
„მნიშვნელოვანი იქნება, ამას გაეცეს კანონიერი და სწორი პასუხი. რამ განაპირობა „ნაციონალების“ მთავარი წარმატება, მათ დამხმარე მთავარი ფიგურა არის ივანიშვილი. რაც შეეხება სხვა პარტიებს, ახალი პარლამენტი ბევრად უფრო მრავალხმიანი იქნება და უნდა იყოს. სხვა ფრაზებსაც გავიგონებთ „სისხლიანი 9 წლისა“ და „თქვე უნიათოებოს“ გარდა“, – განაცხადა მარგველაშვილმა.