ნინოწმინდის პანსიონის ირგვლივ არსებულ სკანდალს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი თქმით, პასუხისმგებლობის მხოლოდ მეუფე სპირიდონზე დაკისრება არასწორია და კითხვები სახელმწიფო უწყებებსაც უნდა დაესვათ.
„ჩემი გასაჭირი მადგას და კარგად ვერ ვადევნებ თვალს ყველაფერს, რაც ბავშვთა სახლის შესახებ ხდება, მაგრამ რაც მოვახერხე და რასაც აღვიქვამ, კითხვა მაქვს ასეთი, – ისარი რატომაა დამიზნებული მხოლოდ ერთ მხარეს? დავუშვათ, ვინმე ერთი (სპირიდონი ერქმევა თუ პეტრე, მნიშვნელობა არა აქვს), არის ბაყბაყ-დევი, მხოლოდ მასზე წყდება ამხელა საბიუჯეტო ინსტიტუციის მთელი პასუხისმგებლობა, რომელიც წლებია არსებობს თურმე და საკმაოდ დიდი ბიუჯეტიც აქვს გადამხდელების ფულიდან?
აი ასე, ერთმა კაცმა, როგორც უნდოდა ისე მოაწყო პანსიონი და სხვა პასუხისმგებელი ადამიანები არ არსებობენ, მითუმეტეს, როცა ეს კერძო, ან მიწისქვეშა, არაოფიციალური დაწესებულება არ არის? რატომ არ სთხოვენ კომენტარს ჟურნალისტები განათლების, ჯანდაცვის და სხვა მინისტრებს, რომელთა უწყებებსაც ეხება თავ-თავიანთი მიმართულებით საქმის კურსში ყოფნა და სტანდარტის კონტროლი? კოორდინატორები არ არსებობდნენ ამ უწყებებიდან? თუ არა, რატომ?
უპირველესად მათი მოხსენება და ანგარიში მაინტერესებს და მხოლოდ შემდეგ კონკრეტული აღმზრდელების, რომლებიც დიდი ალბათობით, თავადაც ძალადობრივი გარემოდან არიან და ნორმადაც კი მიაჩნიათ ძალადობა. ან ტრეინინგი არ უტარდებოდათ, ან როგორი იყო მათი არჩევის წესი და კრიტერიუმი. ძალიან ბევრ კითხვაზე აქვთ გასაცემი პასუხი მთავარ პასუხისმგებელ პირებს”, – წერს ნათია ფანჯიკიძე.