პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის თამარ კორძაიას განცხადებით, ის მე-10 მოწვევის პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსს შეინარჩუნებს და არც ერთ ფრაქციაში არ გაწევრიანდება. ამის შესახებ კორძაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
“მე-10 მოწვევის პარლამენტში მომიწია დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შემოსვლა. ვფიქრობ, პარლამენტის წევრის სტატუსი საკმარისად მაღალია იმისთვის, რა საქმიანობის განხორციელებაც გინდა, ამაზე ამოიღო ხმა და ისაუბრო. ამიტომ, ამ ეტაპზე არცერთ ფრაქციაში გაერთიანებას არ ვგეგმავ. რაც შეეხება სამუშაო ხედვებს, მე-8 მოწვევის პარლამენტში ჩემი ხმა ისმოდა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ეს ხმა უფრო ძლიერი იქნება მე-10 მოწვევის პარლამენტში იმიტომ, რომ ვითარება კიდევ მძიმეა და დღეს საქართველოში ადამიანებს წაერთვათ უფლება დემოკრატიაზე, არჩევანის უფლება დღეს ეჭვქვეშ დგას ამ ქვეყანაში. სწორედ ამიტომ შეიქმნა კრიზისი, ამიტომ მიდის დისკუსია საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით. ჩემი საქმიანობა იქნება პარლამენტის წევრის საქმიანობა, რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი და რომელიც ეცდება იმ ადამიანების ხმა გაახმოვანოს ამ შენობაში, რომლებიც იბრძოდნენ საკუთარი არჩევანის თავისუფლებისთვის და ამ ქვეყანაში დემოკრატიული სისტემების და პროცესის განვითარებისთვის”,- განაცხადა კორძაიამ.