როგორც თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, ე.წ. არასტანდარტული მედიკამენტებიდან ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა „ინტერლეიკინ-6” – ის (IL-6) რეცეპტორის საწინააღმდეგო სპეციფიკური მონოკლონური ანტისხეულები – ტიცილიზუმაბი, რომელიც გამოიყენება COVID-19-ის დროს განვითარებული ე.წ. ციტოკინური შტორმის სამკურნალოდ. “ა.წ. იანვარ-თებერვალში გამოქვეყნებული დიდ ბრიტანეთში ჩატარებული სერიოზული კვლევების შედეგების მიხედვით სწორი გამოყენების შემთხვევაში ტოცილიზუმაბი მძიმე და კრიტიკულად მძიმე COVID-19-ით ავადმყოფებში სარწმუნოდ ამცირებს სიკვდილობას, პაციენტების ჰოსპიტალში დაყოვნების ხანგრძლივობას და მექანიკური ვენტილაციის საჭიროებას. ჩვენ ტოცილიზუმაბს წარმატებით ვიყენებთ ჯერ კიდევ COVID პანდემიის ადრეული პერიოდიდან, თუმცა რიგი ობიექტური, თუ სიბიექტური მიზეზების გამო ამ მედიკამენტს ყველა COVID კლინიკა დღემდე არ იყენებს, რასაც არავითრი გამართლება არა აქვს.