პანდემიისა და მისგან გამოწვეული კრიზისის დროს პარლამენტმა ფაქტობრივად უარი თქვა თავის ფუნქციის შესრულებაზე და ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილება სრულად მიანდო მთავრობას – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში განხორციელებული საპარლამენტო კონტროლი შეაფასა.
“საგანგებო მდგომარეობის დროს საპარლამენტო კომიტეტებს არ გამოუყენებიათ მათთვის მინიჭებული უფლებამოსილება, საქმიანობის მიმართულებიდან გამომდინარე, შეემოწმებინათ საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცემული ნორმატიული აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა და მათი შესრულების მდგომარეობა.
კოვიდ პანდემიის დროს განრიგით გათვალისწინებული 11 მინისტრის საათის ნაცვლად, მხოლოდ 4 მინისტრის საათი ჩატარდა;
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, ოპოზიციური ფრაქციების მიწვევისას არ მივიდა კომიტეტის სხდომაზე.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანა არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე იდგა, მაგ., ბორდერიზაცია, საოკუპაციო ხაზიდან ადამიანების გატაცება და მათთვის თავისუფლების აღკვეთა. აგრეთვე იყო უკანონო ფარული ჩანაწერების გავრცელების შემთხვევები, მათ შორის პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე. არაერთხელ, საჯაროდ, გაჟღერდა ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის დეპუტატების, ინტერესთა კონფლიქტის და სავარაუდო კორუფციული გარიგების შესახებ ინფორმაციაც. ე.წ. კლანის წევრების მიერ სასამართლო სისტემის მართვა ასევე არაერთხელ გახდა საზოგადოებისა და უცხოელი პარტნიორების მსჯელობის საგანი. თუმცა, არცერთ ზემოთაღნიშნულ საკითხზე კომიტეტებს სპეციალური სხდომა არ ჩაუტარებიათ და არ მოუწვევიათ სხდომაზე ანგარიშვალდებული პირები.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე საპარლამენტო კონტროლი სუსტია”,- წერია “საერთაშორისო გამჭირვალობის” ანგარიშში.
გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მთავრობის წევრები და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა თანამდებობის პირები სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან აღნიშნულ ვალდებულებას. საანგარიშო პერიოდში მინისტრებისთვის გაგზავნილი 1683 კითხვიდან 288 პასუხგაუცემელი დარჩა, ასევე, ოპოზიციურმა ფრაქციებმა ანგარიშვალდებული პირების კომიტეტის სხდომაზე დაბარების უფლება 32-ჯერ გამოიყენეს, აქედან 21 შემთხვევაში თანამდებობის პირი არ დაესწრო სხდომას.
კვლევაში ასევე მითითებულია, რომ ოპოზიციურ ფრაქციას კომიტეტის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის, გენერალური პროკურორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის დაბარების უფლება არ აქვს, რაც დაუსაბუთებლად ზღუდავს ამ უმნიშვნელოვანესი თანამდებობის პირების მიმართ საკომიტეტო კონტროლის განხორციელებას.