ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის თქმით, საოლქო კომისიებთან მიმდინარე საპროტესტო აქციები დასტურია იმის, რომ ოპოზიციის წევრებს ეშინიათ შედეგების დაზუსტების, რადგან იციან, რომ მათი პროტესტი ხმების გაყალბებასთან დაკავშირებით ფარსია.
კობახიძის თქმით, ოლქებში ხმების ხელახლა გადათვლის პროცედურა უპრეცედენტო შემთხვევაა და მსგავსი რამ ქართული არჩევნების ისტორიაში არ მომხდარა. მისივე თქმით, ეს საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭირვალობას მოწმობს.
“ამ პროცესზე დასწრების საშუალება აქვს ყველა შესაბამის სუბიექტს, მათ შორის არიან შესაბამისი კომისიის წევრები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიიდან წარმომადგენლები, დამკვირვებლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ. პროცესი არის აბსოლუტურად გამჭირვალე და სწორედ ამ გამჭირვალე პროცესის საფუძველზე ხდება მონაცემების დაზუსტება.
რაც შეეხება იმ აქციებს, რომლებიც ტარდება საოლქო კომისიების წინ, ეს მოწმობს იმას, რომ ამ პოლიტიკური სუბიექტების რეალური მიზანი საერთოდ არ არის რაიმეს დაზუსტება. პირიქით, მათ ეშინიათ დაზუსტების, გამომდინარე იქიდან, რომ ხმების გადათვლა დაადასტურებს იმ შედეგებს, რომელიც საბოლოო ჯამში დაფიქსირდა ცესკოს მიერ. გამოვა ისე, რომ რასაც ისინი აპროტესტებენ, იყო სრული ფარსი. აქედან გამომდინარე, ისინი ახორციელებენ დესტრუქციას, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ რეალურად არჩევნები ჩატარდა სათანადოდ და დაზუსტებაც, ბუნებრივია, ამ ყველაფერს აჩვენებს”. – ამბობს კობახიძე.