სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი მიიჩნევს, რომ სპორტის სფეროში გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის განვითარებას.
მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ მმართველი ძალის მიზანმიმართული პოლიტიკაა, რომ სპორტი ყოფილიყო წარმატებული.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ ახალგაზრდას ჰქონდეს თავისი ნიჭის თვითრეალიზების საშუალება, ეს გარემო და შესაძლებლობები უნდა შევქმნათ და ამაზე უნდა ვიზრუნოთ ყველამ. აქ არ შეიძლება პარტიულობის ნიშნით დაყოფა, ამისთვის გთავაზობთ თანამშრომლობას. რაც შეეხება სპორტს, 2012 წლის შემდეგ ჩვენი მიზანმიმართული პოლიტიკაა, რომ სპორტი ყოფილიყო წარმატებული. კვირა არ გავა ჩვენი სპორტსმენები რომ არ გვასახელებდნენ და ეს დიდი სიხარულია. სპორტი ხომ ყველას გვაერთიანებს, შეუძლებელია აქაც დაყოფა. ამიტომაც გვინდა, რომ სპორტის როლი კიდევ უფრო გაიზარდოს. აქ ისაუბრეს ჯანდაცვის ხარჯების შემცირებაზე, გამოწვევა გვაქვს კრიმინალური სიტუაცია, არა გადამდები დაავადებები, მერწმუნეთ, ამის დასაძლევად ყველაზე მთავარი, მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არის ჯანსაღი ცხოვრება და სპორტი” – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისი თქმით, არ არსებობს არც ერთი წარმატებული ქვეყანა, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის ჩართული სპორტში და ჯანსაღი ცხოვრებით არ ცხოვრობს.
„ჩვენ კი სად ვართ? 20-22%-ია სპორტით დაკავებული და დაახლოებით, ჩვენი მოქალაქეების 80% ცხოვრობს უმოძრაოდ. სპორტი ნებისმიერ სფეროსთან არის გადაკვეთაში, ჯანდაცვა, განათლების ხარისხი პირდაპირ მიესადაგება სპორტს, ასევე, კრიმინალი და უსაფრთხოება, ჩვენი ქვეყნის იმიჯი, ტურიზმი, ყველგან კვეთაშია ჯანსაღი ცხოვრება. ეს არ არის მარტო ერთი სამინისტროს პრეროგატივა.
მინდა რომ სპორტი სხვა აღქმით დავინახოთ, – არა სპორტის განვითარება, არამედ სპორტით განვითარება ქვეყნის. გარანტიას გაძლევთ, თუ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 50% იქნება სპორტში ჩართული, ჩვენი ქვეყანა იქნება წარმატებული, პროფესიულ სპორტში ეს მედლები გაორმაგდება და გასამმაგდება. ამიტომ მოგიწოდებთ, შევიმუშაოთ სპორტის განვითარების გრძელვადიანი გეგმა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ გახდეს წარმატებული”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
http://www.resonancedaily.com/