Interpressnews-ის ფოტოგრაფი, გიორგი ნიკოლიშვილი, რომელსაც 5 ივლისს ორკებმა სცემეს, ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ნიკოლიშვილი კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას, მისივე თქმით, დამატებითი კვლევები უნდა ჩაუტარდეს.
“სიტუაცია სტაბილურია, სტაბილურად მძიმე. ტკივილები მაქვს თავის არეში. ჰემატომა ტვინში და მძიმე ვითარებაა. მე მინდა, მივუსამძიმრო ლექოსს ოჯახს, თითოეულ მეგობარრს, კოლეგას. გული მწყდება, რომ ვერანაირად ვერ მოვახერხე დღეს იქ მისვლა და ჩემი გულისტკივილსი გამოხატვა. ყველას ვუსამძიმრებ, დიდი ტრაგედიაა ეს ყველასთვის.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გამოიება იქნება ობიექტური და სამართლიანი, უმკაცრესად დაისჯება ყველა. იმ ეპიზოდში საერთოდ არაფერი მახსოვს, ვინ იყვნენ, რა მოხდა – ეს ეპიზოდი საერთოდ წაშლილია ჩემი გონებიდან. გონება დავკარგე, ინფორმაცია მაქვს, რომ 3 პირია დაკავებული ამ საქმეზე, ამოცნობა ჩემთვსი ამ ეტაპზე შეუძლებელია, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არა მარტო ჩემ, არამედ ნებისმიერ ნაწილში თითოეულ ჩემი კოლეგაზე მოძალადე იქნება უმკაცრესად დასჯილი. […] დამატებითი კვლევები არის ასჭირო და პასუხიდან გამომდინარე გვეცოდინება სრული გამოჯანმრთელები დრო. ამ ეტაპზე დრო, როდის გამოვჯანმრთელდები სრულად, არ ამბობენ”. – ამბობს ნიკოლიშვილი.
ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.
6 ივლისს პარლამენტის წინ გაიმართა მდუმარე, მშვიდობიანი აქცია თავისუფლებისთვის. აქტივისტებმა 5 ივლისის ძალადობა გააპროტესტეს. აქციას შეუერთდნენ ევროპული საქართველო, გირჩი – მეტი თავისუფლება, მოძრაობა დროა და ლელო, ასევე, Tbilisi Pride. აქტივისტებმა რუსთაველის გამზირზე LGBT დროშა აღმართეს და ფერადი კვამლი გაუშვეს.
5 ივლისს პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.
მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამხალისებელი განცხადებები.
სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა.
პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები.
მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. მათ შორის იყო ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდიცვალა.
თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ რამდენჯერმე კეტი ჩაარტყა.
მოგვიანებით დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც თვეებია, ოპოზიციის მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და კარვებში ცხოვრობენ. პუტინისტურმა ჯგუფებმა კარვები დაარბიეს, დახიეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და მათ ადგილას ჯვარი აღმართეს.
გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს გზავნილებისა, პუტინისტურმა ჯგუფებმა მწვანე შუქი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგანაც მიიღეს, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან “რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით” და რომ “ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას”.
სახალხო დამცველის შეფასებით, “ისედაც დაძაბული ფონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამწვავა”.
პრემიერმინისტრს შეთქმულების თეორიის გავრცელებაში არც ირაკლი კობახიძე ჩამორჩა და თქვა, რომ “პრაიდის მიზანი უმცირესობის დაცვა არ ყოფილა და მის უკან პოლიტიკური ინტერესები იდგა”.
საღამოს საერთო განცხადება გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებმა. მათ დაგმეს ძალადობრივი თავდასხმა სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე.