თხილის აღებამდე თვეზე ნაკლები რჩება. გასულ წელს, საქართველომ 50 000 ტონა თხილის მოსავალი აიღო. რა მოსავალს ელოდება წელს ქვეყანა და რა ეღირება ქართული თხილი, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა. გიორგი თოდუა ამბობს, რომ მოსავალი 10-15%-ით მეტი უნდა იყოს. ,„სადაც თხილი იწარმოება, ყველა რეგიონში დადებითი მოლოდინი გვაქვს. შარშანდელთან შედარებით, 10-15%-ით მეტი იქნება მოსავალი. მოლოდნი გვაქვს იქედან გამომდინარე, რომ წლიდან-წლამდე მოვლა და აგრო-ღონისძიებების ჩატარება უფრო მაღალ სტანდარტზე გადის. დღეის მდგომარეობით, ჩვენთან გაწევრიანებულია 28 000 ფერმერი და ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩავრთოთ მცირე ფერმერებიც, რომლებსაც ნახევარ ჰა-ზე ნაკლებზე თხილის ბაღები აქვთ. გასულ წლებში, თუ პრიორიტეტი იყო თხილის გადარჩენაზე მუშაობა, წელს გვინდა, რომ ორიენტირებული ვიყოთ პრემიუმ ხარისხზე. ნებისმიერი პროდუქტი ხარისხებად იყოფა და არ გვინდა, რომ ქართული თხილი იყოს საშუალო სტანდარტის. გასულ წელს, ფასები 3 ლარიდან დაიწყო და ხარისხის მიხედვით 9.70 თეთრს მიაღწია. ფასები წელსაც ხარისხის მიხედვით იქნება, თუმცა ბაზარზე ფასს დიდწილად მაინც თურქეთის მოსავალი ადგენს. ამიტომ, ჯერ კონკრეტული ფასი განსაზღვრული არ არის“, – აცხადებს თოდუა.