წარჩინებულ მოსწავლეებს, რომლებიც 2 წელია კომპიუტერებს ელოდებიან, განათლების სამინისტრო პასუხობს

უკვე მეორე სასწავლო წელი დასრულდა ისე, რომ წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები არ მიუღიათ. ინტერესი კი დროის გასვლასთან ერთად იზრდება. როდის მიიღებენ 2019-2020 და 2020-2021 სასწავლო წლის წარმატებული მოსწავლეები კუთვნილ კომპიუტერებს – ეს კითხვა ასობით მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს აწუხებს. 

როგორც etaloni.ge – ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუმარტეს, პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში წარჩინებული მოსწავლეები პერსონალურ კომპიუტერებს 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში მიიღებენ.

თუმცა აღსანიშნავია, ის ფაქტი რომ სამინისტრო მთელი წლის განმავლობაში აცხადებდა, რომ მოსწავლეები, რომლებსაც შარშან არ გადაეცათ კომპიუტერი, ამ სასწავლო წელს აუცილებლად მიიღებდნენ. აღნიშნულ თემაზე ეტალონმა არაერთხელ მოამზადა ინფორმაცია.

შეგახსენებთ, რომ სამინისტროს კომპიუტერები არც გასული სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეებისთვის გადაუცია. მიზეზად კი პანდემია დასახელდა.

ცნობისთვის, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური (VII, VIII და IX კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share