ავტომობილის მართვის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება სავალდებულო 2022 წლის მარტიდან გახდება

ამას ითვალისწინებს “საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში” შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე შს მინისტრის მოადგილემ,
ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.

ამბობს, რომ B და BE კატეგორიის მართვის მოწმობის აღების მსურველებს რეალურ პირობებში პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება 2022 წლის 14 მარტიდან მოუწევთ, დანარჩენი კატეგორიებისთვის კი ცვლილება ძალაში 2022 წლის 3 ოქტომბრიდან შევა.

ცნობილი ხდება, რომ მართვის მოწმობის აღების მსურველებს თეორიული გამოცდისა და დახურულ მოედანზე გამოცდის ჩაბარებაც მოუწევთ.

“იმისათვის, რომ არ გაჩნდეს კითხვები გამოცდის პირობებში, შემოგვაქვს რეგულაცია, რომლითაც მოხდება სრული გამოცდის ჩაწერა, აუდიო-ვიდეო გადაღება და თუკი გასაჩივრდება კონკრეტული მხარის მხრიდან გამოცდის შედეგები, მას საშუალება ექნება, გაეცნოს გამოცდის ჩაბარების პროცესს”, – ამბობს დარახველიძე.

დარახველიძემ ასევე წარადგინა “შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურებისა და ვადების შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტი, რომლითაც გამოცდის ჩაბარების საფასური განისაზღვრება.

“ვინაიდან დაემატა გამოცდის ახალი პროექტი, B და BE კატეგორიისათვის იქნება 90-ლარიანი გადასახადი. დანარჩენი გადასახდელები, რაც დაკავშირებულია თეორიულ გამოცდასთან და დახურულ მოედანზე გამოცდის ჩაბარებასთან, ამ შემთხვევაში არ იზრდება და კვლავ 40 ლარი იქნება. ამ თანხის სანაცვლოდ მოქალაქეს საშუალება ექნება, გაიაროს თეორიული გამოცდა და 5-ჯერ ექნება დახურულ მოედანზე გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა. რაც შეეხება ყველა სხვა კატეგორიას, ქალაქის პირობებში გამოცდის ჩაბარებისათვის გადასახდელი წესდება 150 ლარის ოდენობით და თუ პირი ვერ ჩააბარებს, დაახლოებით 1 წლის განმავლობაში საშუალება ექნება, განმეორებით გავიდეს გამოცდაზე”, – თქვა დარახველიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share