ამონარიდი გურიის რესპუბლიკიდან, მათთვის ვისაც არ წაუკითხავს: ქართული საზოგადოება წინ აღუდგა კავკასიის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას და გურიის დარბევაზე ხელის აღება მოსთხოვა. იმავე ,,მოგზაურის” ცნობით, სასწრაფოდ შედგა დეპუტაცია საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელებისაგან, სადაც შედიოდა, მათ შორის ,,ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლი თ-დი მელიქიშვილი, ქუთაისის თავ.-აზნაურთა წინამძღოლის მოადგილე თ-დი ნიჟარაძე, ტფილ. გუბერნიის მაზრების მარშლები, ბათომის ქალაქის მოურავი ანდრონიკაშვილი, ქუთაისის ქალაქის თავის მოადგილე გველესიანი, გურიის მცხოვრებნი თ. ნ. თავდგირიძე და მ. თუმანიშვილი, ჟურნალ ,,მოგზაურის” რედაქტორის მაგიერი კ. ჯაფარიძე და ,,ცნ. ფურც.” რედაქტორი ჯაბადარი.” დეპუტაციას ხელმძღვანელობდა ილია ჭავჭავაძე, რომელმაც განაცხადა, რომ თუ მთავრობა არ დააბრუნებს ალიხანოვ-ავარსკის მაშინ ყველამ იარაღი უნდა ავისხათ და გურულებთან ერთად გავწყდეთო – ,,костьми ляжем” – ძვლებად დავიყრებითო (ეს განცხადება ჭავჭავაძემ რუსულ ენაზე გააკეთა). ვაჟა-ფშაველას კი უთქვამს, ორას შეიარაღებულ ფშავ-ხევსურს ჩამოვიყვანო. ეს დუპუტაცია მოწმობს ერთ მნიშვნელოვან ფაქტს, რომ იმ დროს თითქმის ყველა სოციალური კლასის წარმომადგენლები ერთ მუჭად იყვნენ შეკრულნი გურიისა და მისი ხალხის დასაცავად.