3 აგვისტოს, ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში რამაზ ზოიძე ნახევარფინალში გავიდა და მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს.
67 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ზოიძემ მერვედფინალში 2016 წლის ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი კუბელი ისმაელ ბორერო მოლინას დაამარცხა.
ზოიძემ შეხვედრა დიდებულად წარმართა და 3:1 დაწინაურდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს კუბელმა 1 ქულა მიითვალა, ჩვენებურმა შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანა შეძლო – 3:2.
რამაზ ზოიძე (67 კგ) 1/4-ფინალში ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელ აკერ ალ ობაიდის დაუპირისპირდა და იოლად, 10:0 გაიმარჯვა.
25 წლის ფალავანი ნახევარფინალში ირანელი მოჰამადრეზა გერაეს შეხვდება. ნახევარფინალები თბილისის დროით 13:15 საათიდან დაიწყება.
დღესვე 97 კგ წონით კატეგორიაში რეპეშაჟში ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გიორგი მელია ჩაება, მაგრამ ალექს გერგო სიოკესთან 1:5 დამარცხდა და ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა.
ხოლო ლაშა გობაძემ (87 კგ) მერვედფინალში უზბეკ რუსტემ ასაკალოვთან 5:6 წააგო და მომდევნო ეტაპზე ვერ გავიდა.