მეცნიერი ქალი, რომელმაც 165 წლის წინ გლობალური დათბობის შესახებ გაგვაფრთხილა — იუნის ფუტი

კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით არსებულ პოლიტიკურ შეთანხმებებამდე დიდი ხნით ადრე და ჯერ კიდევ აშშ-ს სამოქალაქო ომამდე (1861-1865 წწ.), ამერიკელმა მეცნიერმა იუნის ფუტმა დაასახელა კლიმატის ცვლილების დღევანდელი კრიზისის გამომწვევი მიზეზი.

ფუტის მოკლე სამეცნიერო ნაშრომი იყო პირველი, რომელმაც აღწერა ნახშირორჟანგის ძალა სითბოს შთანთქმის კუთხით, რომელიც უკვე დღევანდელი გლობალური დათბობის მამოძრავებელი ძალაა.

ნახშირორჟანგი არის უსუნო, უგემო, გიამჭვირვალე აირი, რომელიც წარმოიქმნება ადამიანების მერ საწვავის მოხმარების შემდეგ, მათ შორის ნახშირის, ზეთის, ბენზინის და ხის წვის გზით.

იუნის ფუტის პუბლიკაცია ჟურნალში American Journal of Science and Arts.

ფოტო: Royal Society

ატმოსფეროში არის მაღალი ტემპერატურა ძირითადად სათბურის აირების გამო, როგორიცაა ნახშირორჟანგი, მეთანი და ატმოსფერული წყლის ორთქლი, რომლებიც შთანთქავენ გამავალ სითბოს. იდეა იმის შესახებ, რომ ატმოსფერო იჭერდა სითბოს, ცნობილი იყო, მაგრამ არა მისი გამომწვევი მიზეზი.

ფუტის ექსპერიმენტი და სხვა მეცნიერების მიგნებები

ფუტმა ჩაატარა მარტივი ექსპერიმენტი. მან შუშის ორ ცილინდრში დააყენა თერმომეტრი, რომელთაგანაც ერთში ნახშირორჟანგი ჩაუშვა, მეორეში კი ჰაერი და ცილინდრები მზეზე დაალაგა. ცილინდრი, რომელშიც ნახშირორჟანგი იყო, გაცილებით ცხელი გახდა ვიდრე ჰაერიანი და ფუტი ასე მიხვდა, რომ ნახშირორჟანგი შთანთქავდა სითბოს ატმოსფეროში.

ექაპერიმენტის შედეგად მან დაასკვნა, რომ “… ჰაერი თუ შეერევა ნახშირორჟანგს უფრო დიდი რაოდენობით, ვიდრე დღეს, ტემპერატურა მოიმატებს”.

რამოდენიმე წლის შემდეგ, 1861 წელს, ცნობილმა ირლანდიელმა მეცნიერმა ჯონ ტინდალმა ასევე გაზომა ნახშირორჟანგის მიერ სითბოს შთანთქმა და მანაც დაადასტურა, რომ ნახშირორჟანგი ძლიერ შთანთქავდა სითბოს.

ნახშირორჟანგის კონცენტრაცია ატმოსფეროში, წლების მიხედვით

ფოტო: Scripps Institution of Oceanography

1800-იანი წლებისთვის ადამიანის საქმიანობამ მკვეთრად გაზარდა ნახშირორჟანგის ემისია ატმოსფეროში. სულ უფრო და უფრო მეტი წიაღისეული მოიხმარებოდა საწვავად, რაც ამ აირის კონცენტრაციას ატმოსფეროში სულ უფრო ზრდიდა.

ნახშირორჟანგით გამოწვეული კლიმატის ცვლილების პირველი რაოდენობრივი შეფასება გააკეთა სვანტე არენიუსმა, შვედმა მეცნიერმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა. 1896 წელს მან გამოთვალა, რომ “არქტიკულ რეგიონებში ტემპერატურა მოიმატებს 8 ან 9 გრადუსამდე ცელსიუსით, თუ ნახშირორჟანგის კონცენტრაცია 2,5 ან 3-ჯერ გაიზარდა”.

ნილს ეჰოლმი, შვედი მეტეოროლოგი, დაეთანხმა ამ აზრს და 1901 წელს დაწერა, რომ “ქვანახშირის დღევანდელი წვა იმდენად დიდია, რომ თუ ასე გაგრძელდება, უდავოდ უნდა გამოიწვიოს დედამიწის საშუალო ტემპერატურის ძალიან აშკარა მატება”.

1937 წელს ინგლისელმა ინჟინერმა გაი კელენდარმა დააფიქსირა, თუ როგორ უკავშირდება ტემპერატურის მატება ნახშირორჟანგის დონის მატებას. ”საწვავის წვის გზით, ადამიანმა დაამატა დაახლოებით 150 000 მილიონი ტონა ნახშირორჟანგი ჰაერს, გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში”, — დაწერა მან.

მეცნიერებმა ასევე გაგვაფრთხილეს მაღალი ტემპერატურის, ყინულის დნობის, ზღვის დონის მატებისა და ოკეანის წყლების მჟავიანობის შესახებ. მათი ვარაუდები კი ნახევარ საუკუნეში გამართლდა.

სინამდვილეში, რეალობა ახლა ბევრად უსწრებს სამეცნიერო მოდელებს. სიცხის ძლიერი ტალღები დასავლეთ აშშ-ში, რეკორდული ტემპერატურა და ხანძარი ციმბირში, მასიური ტყის ხანძარი ავსტრალიაში, წყალდიდობები და მძლავრი ქარიშხლები — ეს ყველაფერი კლიმატური დარღვევის მაუწყებელია.

აღსანიშნავია, რომ თავის დროზე შესანიშნავმა მეცნიერმა ქალმა, იუნის ფუტმა, აშკარად გააფრთხილა კაცობრიობა მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ, 165 წლის წინ. მიუხედავად ამისა, პრობლემა პრობლემად დარჩა, დღეს კი ის არამხოლოდ ჩვენი მომავლის, არამედ სამწუხარო ყოველდღიურობის ნაწილია.

on.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share