როგორც „გურიის მოამბისთვის“ გახდა ცნობილი, ერთი თვის წინ შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ურეკის განყოფილების შენობაში შეჭრისა და პოლიციელებზე ფიზიკურ შეურაცხყოფაში ბრალდებული 13-ვე პირი გათავისუფლებულია.
ამის შესახებ რედაქციას ურეკიდან აცნობეს. ამ დროისთვის ჩვენთვის გაუგებარია მიზეზები, რის გამოც ბრალდებულებს აღკვეთი ღონისძიება შეეცვალათ.
ცნობისთვის, ურეკში მცხოვრები 13 პირს ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმროვა გამოძიების მოთხოვნით, დაახლოებით ერთი თვის წინ შეუფარდა. გამოძიების ვერსიით, ყველა მათგანი ურეკის პოლიციის ქვეგანყოფილებაში შეიჭრა და იქ მყოფ პოლიციელებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. შემდეგ კი, პოლიციაში გამოკითხვაზე მყოფი მათივე ახლობელი გაათავისუფლეს.
ადგილობრივები მიიჩნევდნენ, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი პოლიციამ უკანონოდ დააკავა და პოლიციის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ, რამაც ახალგაზრდების სამართლიანი გულისწყრომა განაპირობა. მათი დაკავების შემდეგ, ურეკში პერმანენტულად მიმდინარეობდა საპროტესტო აქციიები, დაკავებულების განთავისუფლების მოთხოვნით.