ამინდის გაუარესების მიუხედავად, აჭარის მთავრობის სახლთან გაერთიანებული ოპოზიციის აქციის მონაწილეები ისევ შეიკრიბნენ, თუმცა გუშინდელთან შედარებით, ნაკლები რაოდენობით.
როგორც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ბონდო თედორაძე აცხადებს, აქციები გაგრძელდება 24 საათიან რეჟიმში, თუმცა დღეს უამინდობის გამო, სიტყვით გამოსვლები და განცხადებები არ გაკეთდება.
“ჩვეულებრივ ვიკრიბებით, თუმცა უამინდობის გამო, სცენას არ დავდგამთ, რადგან აპარატურა სველდება და შესაძლოა, დაზიანდეს, მწყობრიდან გამოვიდეს. ამიტომ, დღეს სიტყვით გამოსვლები არ იქნება.
ჩვენ ვიდგებით აქ, ვისაუბრებთ რიგ საკითხებზე და სავარაუდოდ, ხვალისთვის უამინდობისთვისაც ვიქნებით მზად. ყოველდღე შევიკრიბებით, სანამ ჩვენი ბრძოლა გამარჯვებით არ დასრულდება”- განაცხადა ბონდო თედორაძემ.
შეგახსენებთ, აჭარის მთავრობის სახლთან ცესკოს თავმჯდომარის გადადგომისა და ხელახალი არჩევნების მოთხოვნით მესამე დღეა გაერთიანებული ოპოზიცია აქციას მართავს.