“სიკვდილის შემთხვევები ვაქცინირებულებში პრაქტიკულად არ ყოფილა”

„რაც შეეხება გარდაცვალების მაღალ ციფრს. ძალიან ცუდია, ეს ჩვენი მოსახლეობისთვის დანაკარგია. თითოეული ჩვენგანისთვის თითოეული ჩვენგანის სიცოცხლე ძვირფასია, უხერხულიცაა ამის ლაპარაკი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ გარდაცვლილთა რაოდენობას საქართველოში, რომელიც აბსოლუტურ განზომილებაში ბევრია ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის, თუ ჩვენ შევადარებთ შემთხვევების რაოდენობას, გამოვიყვანთ პროცენტულ მაჩვენებელს, ამ მაჩვენებლით, ბოლო ერთ კვირაშიც კი, ჩვენთან სიკვდილიანობა არ გასცდენია 1%-ს. ყველა აქტიური შემთხვევიდან გარდაცვალებით მთავრდება 1% მხოლოდ და 99%-ის გადარჩენა ხერხდება. აქცენტი კეთდება, ბუნებრივია, გარდაცვლილ ერთ პროცენტზე და არ კეთდება გადარჩენილ 99%-ზე. ეს ბოლო ერთ კვირაში, თორემ მთლიანად წელიწადნახევრის განმავლობაში საქართველოს აქვს ევროპაში და ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე უკეთესი მაჩვენებელი. ამერიკაზე ბევრად დაბალი სიკვდილიანობა და ევროპის 34 ქვეყანაზე უფრო დაბალი სიკვდილიანობა.

ბოლო 2 კვირაში სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა განაპირობა შემთხვევების ძალიან დრამატულმა მატებამ და იმან, რომ ჩვენთან ძალიან დაბალია ვაქცინაციით მოცვა. სრულად ვაქცინირებულ ქვეყნებს მინიმუმამდე აქვთ დაყვანილი სიკვდილის შემთხვევები. ისრაელს აქვს 6 000 ახალი შემთხვევა, რაც სულაც არ არის ცოტა, მაგრამ სულ 17 გარდაცვალება აქვს. იმიტომ, რომ ვაქცინა უპირველეს ყოვლისა იცავს სიკვდილისგან და სასიკვდილო ფორმებისგან და შედარებით ნაკლებად დაავადების გადადებისგან . ამიტომ, ერთ-ერთი მთავარი და გადამწყვეტი გზა იმისი, რომ ჩვენთან შემცირდეს როგორც შემთხვევების რიცხვი ისე სიკვდილიანობა, არის მასობრივი ვაქცინაცია, რომელიც საბედნიეროდ იზრდება, ბოლო დღეებში ორჯერ დაფიქსირდა 20 000-ზე მეტი ვაქცინაცია ერთ დღეში, თუმცა ესეც ცოტაა. უნდა იყოს სულ ცოტა 25-30 ათასი.

მინდა მოვუწოდო ყველას, კარგია „ფაიზერი“, დღეს ხელმისაწვდომია, ყველას შეუძლია, მაგრამ ნუ ჩავიკეტებით მარტო „ფაიზერზე“, ყველა ვაქცინა კარგია, მათ შორის ჩინური ვაქცინები და არცერთ ვაქცინებს შორის არ არის განსხვავება იმდენად მნიშვნელოვანი, ვიდრე ის დრო, რომელიც იკარგება რომელიმე ვაქცინის მოლოდინში. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, პრაქტიკულად, სიკვდილის შემთხვევები ვაქცინირებულებში არ ყოფილა, თუმცა დაავადების შემთხვევები საკმაოდ ბევრია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share