“მე ვატყობდი, რომ უკვე ის დამოუკიდებლობის ხარისხი რაც აქამდე მქონდა, პირადად მე რუსთავი 2-ში მომავალში ვერ მექნებოდა”, – ასეთ კომენტარს აკეთებს რუსთავი 2-ის ყოფილი ჟურნალისტი გურამ როგავა “რადიო თავისუფლებასთან”.
როგავა ტელეკომპანიიდან წასვლის მიზეზებზე საუბრისას ამბობს, რომ მას შემდეგ რაც 5 ივლისის მოვლენების მერე, ეთერში სიმბოლურად ცარიელი ფურცელი დახია და თქვა, რომ ეს იყო საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ხელისუფლებამ მოქალაქეებს “გადააახია”, მმართველი გუნდისგან მუქარის გზავნილები მიიღო.
“ამ ჟესტს მოჰყვა გარკვეული მძაფრი რეაქციები ხელისუფლების მხრიდან, მათ შორის მეც მივიღე გზავნილები, რომ შესაძლოა ეს ცუდად დასრულებულიყო ჩემთვის”, – ამბობს გურამ როგავა.
ცნობისთვის, ტელეწამყვანმა გურამ როგავამ რუსთავი 2 გუშინ, 11 აგვისტოს დატოვა, როგავამ დაწერა, რომ ტელევიზიაში მის თავს ვეღარ ხედავდა.
გურამ როგავა ბოლო პერიოდში აქტიურად გამოირჩეოდა კრიტიკული განცხადებებით მმართველი გუნდის მიმართ. ტელეწამყვანი 5 ივლისის მოვლენებსა და ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაში სწორედ ხელისუფლებას აკისრებდა პირდაპირ პასუხისმგებლობას. როგავა ასევე აქტიურად იყო ჩართული ჟურნალისტების მიერ ორგანიზებულ აქციებში.
მანამდე კი “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გურამ როგავა რუსთავი 2-მა გაათავისუფლა. ნიკა გვარამიამ “მთავარი არხის” ეთერში გადაცემაში “მთავარი აქცენტები” რუსთავი 2-ს მიმართა და სთოხვა ამ საკითხზე განმარტებების გაკეთება. აღნიშნული ინფორმაცია მაშინ ჟურნალისტმა არ დაადასტურა