“ქართული ოცნება” ბეგლარ სიორიძეს საჯაროდ გაემიჯნა

“ქართული ოცნების” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაცია, ყოფილ მერს, ბეგლარ სიორიძეს, რომელიც ბოლო პერიოდში, მმართველი გუნდის და კანდიდატის სასარგებლოდ აქტიურ კამპანიას ეწეოდა საჯაროდ გაემიჯნა.
შესაბამისი განცხადება პარტიულმა გვერდმა “გურია თაიმსმა” გაავრცელა.
პარტიული მედია, რომელიც როგორც ცნობილია ადგილობრივი პარტიული ე.წ. პიარების მიერ იმართება, წერს, რომ სიორიძეს ოცნების შტაბში საქმე არ აქვს. ამ განცხადების გაკეთებისკენ ოზურგეთელ მეოცნებეებს გურიის მოამბის სტატიამ აიძულა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შტაბში მერაბ ჭანუყვაძეს და ბეგლარ სიორიძეს შორის ხელჩართულ ჩხუბს ჰქონდა ადგილი. პარტიული მედია, რომელსაც სხვაგან ელანდება კგბ და საბჭოთა კავშირი ფეიკ ნიუსის გავრცელებაში გურიის მოამბეს ადანაშაულებს, არადა, ჭანუყვაძის და სიორიძის ჩხუბზე და დაპირისპირებაზე მთელი ოზურგეთი საუბრიბს. როგორც ჩანს, პიარის “დედებს” ისე უნდოდათ ამ ამბის გადაფარვა, რომ ყოფილი მერი “კულტურულად” გამიჯნეს და ისიც კი ვერ მიხვდნენ, რომ ამით კონფლიქტის არსებობა კიდევ უფრო მეტად დაადასტურეს:
 თითქოს ოზურგეთში, “ქართული ოცნების” ოფისში მერაბ ჭანუყვაძესა და ბეგლარ სიორიძეს შორის “ხელჩართული ჩხუბი” მოხდა – “ქართული ოცნების” ოფისში ფეიკნიუსს  და “სამარცხვინო დეზინფორმაციას” უწოდებენ და აცხადებენ, რომ ყალბი ინფორმაციის შემცველი სტატია საბჭოთა “კაგებე”-ს სტილში არის მომზადებული. ამ ცრუ ინფორმაციის გავრცელება “გურიის მოამბის” მხრიდან ბეგლარ სიორიძის საკითხის აქტივაციას და საზოგადოების მოტყუებას ემსახურება, თითქოს სიორიძე აქტიურად არის შტაბში ჩართული, რაც ასევე მტკნარი სიცრუეა” _ წერენ “ოცნების” “პიარსპეციალისტები”, რომელთა ბოსებს, სიორიძის “აქტივაცია”, როგორც ჩანს გულზე მძიმედ ხვდება.
არადა, სიორიძე მათმა მამამარჩენალმა და მბრძანებელმა ვანო ჩხარტიშვილმა რომ გააქტიურა, როგორც ჩანს არ იციან. მათ, ალბათ, არც იმის შესახებ აქვთ ინფორმაცია, რომ “ოცნების” კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სწორედ ვანო ჩხარტიშვილის ერთ_ერთი კომპანიის დირექტორი იყო და სწორედ ჩხარტიშვილმა გადაწყვიტა მისი დაყენება კანდიდატად. ჩხარტიშვილი რომ სიორიძის უკან დგას ეს ოზურგეთში პატარა ბავშვამაც კი იცის, მაგრამ, “ოცნებაში” ზოგიერთს ბავშვის ჭკუაც რომ არ აქვს, ესეც ფაქტია _ წინააღმდეგ შემთხვევაში, ახლა, სიორიძის “აქტივაციის” გამო წყობიდან არ გამოვიდოდნენ და საჯაროდ არ იტყოდნენ, არ გვჭირდება ეგ კაცი ჩვენთან და ნუ “გვატენითო”. მით უმეტეს, ამაში გურიის მოამბეს არ დაადანაშაულებდნენ და თავს კიდევ ერთხელ არ ჩაიყენებდნენ უხერხულ მდგომარეობაში. ხო, კიდევ ერთი _ “გურია თაიმსი” ერთ რამეში მართალია. ყველაფერი არ გვეწერა. სამწუხაროდ, გამოგვრჩა, რომ სიორიძის და ჭანუყვაძის ჩხუბში დავით დარჩია დაზარალდა, რიმელსაც გემრიელად “წაუთაქეს” _ სხვის საქმეში ნუ ერევიო. ხო, ეს ის დარჩიაა, რომელიც შტაბის უფროსად ყავთ და რომელსაც მისი შვილიც კი ვერ დაურწმუნებია, რომ “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში ყოფნას იმსახურებს.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share